კორონავირუსი აჭარაში

ოაზისიდან აღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია - სასტუმრო გაიხსნა

Hotel Dreamland Oasis/Facebook

ჩაქვის სასტუმრო ოაზისიდან აღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ინფორმაცია ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სასტუმრო გაიხსნა და მუშაობას აგრძელებს. 

ოაზისის ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი გუშინ, 2 სექტემბერს დაუდასტურდა. სასტუმროში, რომელიც ჩაიკეტა, სამეცნიერო კონფერენციაზე 400-მდე ქართველი ექიმი იმყოფებოდა. 

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან ერთი ხელვაჩაური-ბათუმის ავტობუსის მძღოლია, ერთი შემთხვევა სასტუმრო ოაზისში დადასტურდა, ერთი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი საკარანტინე სივრციდანაა, ერთი ე.წ. დონას კლასტერიდან, კიდევ ერთმა ადამიანმა კი ცხელების ცენტრს თავად მიმართა. 

იმ პირებს, რომლებსაც ეპიდემიის ახალ კერებთან ჰქონდათ შეხება, ექიმები მოუწოდებენ, რომ COVID-19-ზე ტესტი ჩაიტარონ. ბათუმში, ბულვარში განთავსებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამი კარავი, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება შეუძლიათ. კარვები დგას კოლონადასთან, რესტორან აჭარული სახლის მიმდებარედ და ანბანის კოშკთან.    

ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 279 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები