აშშ-ჩინეთი

ვაშინგტონი აშშ-ში მყოფ ჩინელ დიპლომატებს შეზღუდვებს უწესებს

AP

აშშ-მ განაცხადა, რომ მაღალი რანგის ჩინელ დიპლომატებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან დასტური დასჭირდებათ იმისთვის, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებს ეწვიონ და შეხვდნენ ადგილობრივ ოფიციალურ პირებს. ჩინეთის საელჩოების ან საკონსულოების მიერ საგარეო მისიების უძრავი ქონების გარეთ 50 ან მეტ ადამიანთან კულტურული შეხვედრების გამართვას ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის დასტური დასჭირდება.

ვაშინგტონის ეს ნაბიჯი პეკინის მიერ ამერიკელი დიპლომატებისთვის დაწესებული შეზღუდვების პასუხია. 

"წლების განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ჩინეთში მომუშავე ამერიკელ დიპლომატებს მნიშვნელოვან ბარიერებს უწესებს, რაც დიპლომატიური ნორმებისგან ძალიან შორსაა".

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ იმოქმედებენ, რათა უზრუნველყონ, რომ ყველა ჩინეთის საელჩოს და საკონსულოს სოციალური მედიის ანგარიშები "შესაბამისად იყოს იდენტიფიცირებული".

ჩინეთის საელჩო ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გმობს და ამბობს, რომ ეს "ეწინააღმდეგება აშშ-ს მხარის თვითგამოცხადებულ ღირებულებებს ღიაობასა და თავისუფლებაზე".

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამერიკული უნივერსიტეტების მმართველ საბჭოებს მისწერა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხეებზე:

"საფრთხეები შეიძლება მოვიდეს ისეთი ფორმებით, როგორიცაა კვლევისთვის აკრძალული დაფინანსება, ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა, უცხოელი სტუდენტების დაშინება".

მისი თქმით, უნივერსიტეტებს სუფთა დაფინანსება ექნებათ, თუ ადამიანის უფლების დარღვევასთან დაკავშირებულ პირებთან, ჩინურ ფირმებთან კავშირს გაწყვეტენ.

მომავალ კვირას პომპეო სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებთან ჩინეთის და სხვა რეგიონული პრობლემების განხილვას აპირებს. 

13 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონფუცის ინსტიტუტის აშშ-ს ცენტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო მისიად გამოაცხადა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, აშშ-ს უნივერსიტეტების კამპუსებში ჩინეთის კონფუცის ინსტიტუტები წლის ბოლომდე დაიხურება.

ივლისში აშშ-ში, ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულო დაკეტეს. დახურვის მიზეზად აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ინტელექტუალური საკუთრების და ამერიკელების პირადი ინფორმაციის დაცვა დაასახელა. მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტური პარტია არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ ევროპულ ინტელექტუალურ საკუთრებასაც იპარავს, რაც მათ ასობით ათასი სამუშაო ადგილის ფასად უჯდებათ. ამის შემდეგ, ჩინეთმა ჩენტუში აშშ-ს საკონსულო დახურა.

კომენტარები