ერაყი

ბაღდადის აეროპორტთან კატიუშას ტიპის 3 რაკეტა ჩამოვარდა

ბაღდადის აეროპორტთან კატიუშას ტიპის 3 რაკეტა ჩამოვარდა. ერაყის სახელმწიფო მედიის მიხედვით მსხვერპლი არ არის.

ერთ-ერთი რაკეტა აეროპორტის ავტოსადგომს დაეცა და 4 სამოქალაქო სატრანსპორტო მანქანა დააზიანა.

გასულ კვირას მსგავსი სამი ინციდენტი მოხდა. ერთ შემთხვევაში რაკეტა ასევე აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა, ორ შემთხვევაში კი ბაღდადში მდებარე მწვანე ზონაში, სადაც უცხოური მისიები და აშშ-ს საელჩო მდებარეობს. ამ შემთხვევებშიც მსხვერპლი არ ყოფილა.

ოფიციალური ვაშინგტონი თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებს აკისრებს.

მათ მწვანე ზონაზე თავდასხმები მას შემდეგ გაახშირეს, რაც მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ს ოპერაციისას ბაღდადში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ელიტარული ქვედანაყოფის ყუდსის მეთაური, გენერალი, ყასემ სოლეიმანი და ერაყის სამხედრო დაჯგუფების მეთაური, აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი მოკლეს.

კომენტარები