ჩინეთი

სი ძინფინგი COVID-19-ზე: ჩინეთი ღიად და გამჭვირვალედ მოიქცა

სი ძინფინგი
AP

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა, განაცხადა, რომ ჩინეთი Covid-19-ის გავრცელებაზე ღიად და გამჭვირვალედ მოიქცა და კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, რაც პანდემიის დროს მსოფლიოში ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარა. 

სი ძინფინგი ირწმუნება, რომ ჩინეთის ეკონომიკა პირველი მნიშვნელოვანი ეკონომიკაა, რომელიც პანდემიის დროს ზრდას დაუბრუნა. მისივე თქმით, ეს არის ფაქტი, რომელიც აჩვენებს ქვეყნის ძლიერ შესაძლებლობებს და სიცოხლისუნარიანობას

მან აღნიშნა, რომ ჩინეთი გააგრძელებს ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლში საერთაშორისო კოოპერაციის წახალისებას და გააგრძელებს ჯანმო-ს წამყვანი როლის მხარდაჭერას კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში.

სი ძინფინგმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ეპიდემია გავრცელდა, ჩინეთმა მაშინვე შეატყობინა ჯანმო-ს ქვეყნებს და რეგიონალურ ორგანიზაციას ეპიდემიაზე

მისი თქმით, მნიშვნელოვანი კრიზისის პირისპირ მარტო ვერცერთი ქვეყანა იქნება და მარტო თავის თავზე ვერ იფიქრებს. მისივე განცხადებით, ნებისმიერ ეგოისტური აქტი სხვისთვის დაბრალების, მართლის და მცდარის ერთმანეთში არევა, თეთრზე შავის თქმა ავნებს ქვეყნებს და ხალხს. 

შეგახსენებთ, რომ აშშ ჩინეთს თვეებია აკრიტიკებს და ადანაშაულებს ვირუსის გავრცელების დამალვაში, ინფორმაციის ჩახშობაში. ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.

დონალდ ტრამპის თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მისი კარგი ურთერთობა ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინფინგთან შეიცვალა.

ახალმა კორონავირუსმა დადასტურებულად უკვე 27 მილიონზე მეტი ადამიანი დააავადა. ვირუსს სულ მცირე 897 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ახშობდა.

აშშ ასევე ჯანმო-ს ადანაშაულებს, რომ სათანადოდ ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ტრამპის თქმით, ორგანიზაციის მოქმედებებმა ხელი შეუწყო ჩინეთის დეზინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესახებ, რამაც დაავადების უფრო მასშტაბური ხასიათი განაპირობა. ვრცლად იხილეთ ტაბულას სტატიაში - როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად?). აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის ივლისში ოფიციალურად დატოვებს

ეკონომიკას რაც შეეხება, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის ეკონომიკა 1.6%-ით შემცირდა. თუ კი წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა, უკვე მეორე კვარტალში ზრდამ 3.2%-ს გადააჭარბა.

ბოლო თვეებში გამოვლენილი დადებითი დინამიკის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა კლებას აჩვენებს, რაც 1976 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

კომენტარები