ბრალდებების მიუხედავად, ელენ დეჯენერესის შოუ 21 სექტემბერს დაბრუნდება

ელენ დეჯენერესის შოუ

ბრალდებების, გამოძიებისა და სამი პროდიუსერის სამსახურიდან გათავისუფლების მიუხედავად, ელენ დეჯენერესის შოუ 21 სექტემბერს დაბრუნდება.

"მოუთმენლად ველი სამსახურსა და სტუდიაში დაბრუნებას. და დიახ, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე [ბრალდებებზე]". – თქვა ელენ დეჯენერესმა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაცემების ჩაწერას აუდიტორია არ დაესწრება. ტელეწამყვანს პირველ კვირაში სტუმრად კერი ვაშინგტონი, ალეკ ბოლდვინი და კრისი ტეიგანი ეყოლება.

რაში დაადანაშაულეს დეჯენერესი და მისი პროდიუსერები?

რამდენიმე თვის წინ, ელენ დეჯენერესი და მისი პროდიუსერების გუნდი ათმა ყოფილმა და ერთმა მოქმედმა თანამშრომელმა "სამსახურში ტოქსიკური გარემოს შექმნაში" დაადანაშაულეს. მათ ანონიმურად დარჩენა ისურვეს.

"იყავი კეთილი“ და მსგავსი სისულელეები მხოლოდ მაშინ არის აქტუალური, როდესაც კამერა ჩართულია. ვიცი, რომ ისინი ფინანსურად ეხმარებიან ადამიანებს, მაგრამ ყველაფერი ეს შოუსთვის ხდება." - უთხრა ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა Buzzfeed News-ს ელენ დეჯენერესის შოუზე საუბრისას.

ისინი ყვებიან, რომ მათგან უმეტესობა სამსახურიდან იმისთვის გააგდეს, რომ ექიმთან მისვლის ან ახლობლების პანაშვიდზე დასწრების მიზნით უქმე დღე ითხოვეს. მათივე თქმით, ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ელენ დეჯენერესს რომ დაინახავდნენ, მას არ გამოლაპარაკებოდნენ.

შოუში რასიზმის პრობლემაზე Buzzfeed News-ს შავკანიანი ქალი ესაუბრა. მისი თქმით, ის წელიწად-ნახევარს ელენ დეჯენერესთან მუშაობდა. ქალი ამბობს, რომ საშუალო რგოლის პროდიუსერი მას მუდმივად დასცინოდა კანის ფერის გამო, ერთხელ კი სცენარისტმა უთხრა, რომ მხოლოდ თეთრკანიანების სახელებს იმახსოვრებს, რასაც ოფისში სიცილი მოჰყვა.

"როდესაც ჩემი პრობლემების შესახებ ჩემს თეთრკანიან უფროსს ვუამბე, მან თავისი შავკანიანი მეგობრის შესახებ სიტუაციისთვის შეუსაბამო ისტორიის მოყოლა დამიწყო. თავისი მეგობარი იმისთვის ახსენა, რომ ჩემთვის ეთქვა, შენი მესმისო". - ამბობს ქალი.

ყოფილი თანამშრომლები პროდიუსერების მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზეც საუბრობდნენ.

ბრალდებების საპასუხოდ, 27 ივლისს ელენ დეჯენერესის შოუს მშობელმა კომპანიამ - WarnerMedia-მ შოუში გამოძიება დაიწყო.

ელენ დეჯენერესმა მის მიმართ გამოთქმული ბრალდებებისა და შოუში დაწყებული გამოძიების საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნა.

ცნობილი ტელეწამყვანი წერილში ბოდიშს უხდის მათ, ვინც ელენ დეჯენერესის შოუში მუშაობის დროს თავი კარგად ვერ იგრძნო და იგი პირობას დებს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება.

აგვისტოს დასაწყისში, ელენ დეჯენერესის შოუს სამი პროდიუსერი სამსახურიდან დაითხოვეს.

კომენტარები