დონალდ ტრამპი

ნორვეგიელმა დეპუტატმა ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინა

დონალდ ტრამპი
Pulpit&Pen

ნორვეგიელმა დეპუტატმა, ქრისტიან თიუბრინგ იედემ დონალდ ტრამპი 2021 წლის ნობელის პრემიაზე წარადგინა ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის შეთანხმების დადების დახმარებისთვის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მან ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინა. 

ნორვეგიის ნობელის საბჭომ, რომელიც პრემიის დაჯილდოვებაზე გადაწყვეტილებას იღებს, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. 

"ეს ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მშვიდობისთვის, მისი კონტრიბუციისთვის არის. ეს უნიკალური შეთანხმებაა". – თქვა მემარჯვენე პროგრესული პარტიიდან პარლამენტარმა, ქრისტიან თიუბრინგ იედემ.

მან და კიდევ ერთმა ნორვეგიელმა დეპუტატმა 2018 წელს ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინა ჩრდილოეთ კორეასთან მისი დიპლომატიური ძალისხმევის გაწევისთვის. 

ათასობით ადამიანს შეუძლია ნობელის პრემიაზე კანდიდატი დაასახელოს, მათ შორის, მთავრობების წარმომადგენლებს, პარლამენტების წევრებს, უნივერსიტეტის პროფესორებს და ყოფილ ლაურეატებს. 

2019 წელს ტრამპმა თქვა, რომ ნობელის პრემიას ბევრი რამისთვის იმსახურებს, მაგრამ უსამართლოდ გასცემენ:

"ჩემი აზრით, ნობელის პრემიას ბევრი რამისთვის მივიღებდი მას რომ სამართლიანად გასცემდნენ, თუმცა ასე არ ხდება. ობამას პრეზიდენტის პოსტის დაკავებისთანავე მისცეს და მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რისთვის მიიღო პრემია. და იცით რა? ეს ერთადერთია, რაშიც ობამას ვეთანხმები."

ბარაკ ობამას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია პოსტის დაკავებიდან 10 თვეში გადასცეს -"საერთაშორისო დიპლომატიის და ხალხებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული ძალისხმევისათვის."

2018 წელს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 18-მა რესპუბლიკელმა წევრმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2019 წლისათვის ნობელის პრემიაზე წარადგინა.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტისათვის გაგზავნილ წერილში ამერიკელი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ კორეის ომის დასრულებისა და ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციისათვის ტრამპი მშვიდობის დარგში ამ პრემიის მიღებას იმსახურებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაპირისპირების დასრულებასა და კორეის ნახევარკუნძულის სამომავლო დენუკლეარიზაციაში გაწეული წვლილისათვის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.

თუმცა, ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის უკანასკნელი შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და ჩრდილოეთ კორეამ იარაღის გამოცდა გააგრძელა.

კომენტარები