აშშ-ს არჩევნები 2020

ბაიდენის და ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიები უცხოელი ჰაკერების თავდასხმების სამიზნე გახდა

ჯო ბაიდენი / დონალდ ტრამპი
AP

Microsoft Corp-ის ინფორმაციით, რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან დაკავშირებული ჰაკერები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიებთან დაკავშირებულ ადამიანებზე ინფორმაციის მოგროვებას ცდილობენ. 

Microsoft-ის ანგარიშის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის კამპანიაზე უცხოელი ჰაკერების მხრიდან თავდასხმების რისკი არსებობს. 

Microsoft-ის მომხმარებლების უსაფრთხოების ვიცეპრეზიდენტის ტომ ბართის ინფორმაციით, ჯგუფი, რომელსაც ბრალად ედება 2016 წელს ჰილარი კლინტონის კამპანიის ელექტრონული მიმოწერის გატეხა და გასაჯაროება და რომელიც Fancy Bear-ის სახელითაა ცნობილი, გასული წლის განმავლობაში ცდილობდა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის პოლიტიკური მრჩევლების ანგარიშების გატეხას. ჯგუფი Fancy Bear რუსეთის სამხედრო ძალების სადაზვერვო სამსახურთანაა დაკავშირებული.

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატებსა და მათ კამპანიასთან დაკაშირებული ადამიანები, მათ შორს ჯო ბაიდენის მხარდამჭერი და წარსულში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული პირი, რომლის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს, ჩინელი ჰაკერების სამიზნეც გახდნენ.

ტომ ბართსმა აღნიშნა, რომ ირანელი ჰაკერები ტრამპის ადმინისტრაციის წევრებისა და პრეზიდენტის კამპანიაზე მომუშავე ადამიანების ანგარიშების გამოყენებას ცდილობდნენ.

გუშინ, 10 სექტემბერს, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ Fancy Bear-მა, ჯო ბაიდენის კამპანიის კონსულტანტ ფირმა SKDKnickerbocker-ზე განახორციელა კიბერშეტევა.

ტომ ბართს და SKDK-ს Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ბართის განცხადებით, ჩინელი და ირანელი ჰაკერების კიბერშეტევების მცდელობები წარუმატებელი იყო. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია რუსი ჰაკერების კიბერთავდასხმის დეტალები. ტომ ბართის თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად უცხოური ძალების გააქტიურება მოსალოდნელი იყო.

აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელის, კრისტოფერ კრებსის განცხადებით, Microsoft-ის ანგარიში თანხვედრაშია სადაზვერვო სამსახურების მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებთან, რომელთა თანახმადაც რუსული, ჩინური და ირანული სამსახურები არჩევნებთან დაკავშირებულ სამიზნეებზე ჯაშუშობდნენ.

"ხაზი უნდა გავუსვათ, რომ არც ერთი სამიზნე არ იყო დაკავშირებული საარჩევნო ინფრასტრუქტურასთან და საარჩევნო სისტემაზე შეტევებს გავლენა არ მოუხდენიათ.

ბაიდენის და ტრამპის კამპანიების წარმომადგენლების განცხადებით, მათ თავდასხმების შესახებ იციან და ეს არ უკვირთ.

აშშ-ში რუსეთის საელჩოს პრესმდივნის ნიკოლაი ლახონინის განცხადებით, ამერიკელებს შეუძლიათ წლობით ილაპარაკონ არჩევნებში "ეგრეთწოდებულ ჩარევებზე", მაგრამ არ წარმოადგინონ ამის სამხილები. ნიუ-იორკში გაეროს ირანის მისიის სპიკერის ალირეზა მიროსეფის განცხადებით, იმის გაფიქრებაც კი აბსურდულია, რომ ირანი ჰაკერულ შეტევებშია ჩართული. ჩინეთის საელჩოს მომხდართან დაკავშირებით მას კომენტარი არ გაუკეთებია.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოულოდნელი არ არის უცხოური ძალების მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობების გახშირება.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდება.

კომენტარები