9/11

აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის მე-19 წლისთავზე ამ დღეს იხსენებენ, დაღუპულებს პატივს მიაგებენ

ჯო ბაიდენი და მაიკ პენსი.
GETTY IMAGES

აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის მე-19 წლისთავზე ამ დღეს იხსენებენ და დაღუპულებს პატივს მიაგებენ.

დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი და ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი ერთმანეთს შეხვდნენ. ისინი ნიუ-იორკში 9/11-ის მემორიალთან ცერემონიას ესწრებოდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო ისინი იდაყვების შეხებით მიესალმნენ ერთმანეთს.

პენსმა ნიუ-იორკში ბიბლიიდან ნაწყვეტები წაიკითხა - "ვიმედოვნებ, ეს უძველესი სიტყვები შვებას მოჰგვრის თქვენსა და ჩვენს გულებს".

მოგვიანებით, ბაიდენი პენსილვანიაში, შანკსვილში გაემგზავრა, სადაც 2001 წლის 11 სექტემბერს ალ-კაიდას ტერორისტების მიერ გატაცებული ერთ-ერთი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც მგზავრებმა და ეკიპაჟმა ალ-კაიდას ხელი შეუშალეს - ტერორისტების სამიზნე სავარაუდოდ აშშ-ს კაპიტოლიუმი იყო.

ბაიდენმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ დღეს 11 სექტემბრის ტრაგედიის გარდა ჟურნალისტებს სხვა თემაზე არ ესაუბრება. მისვე თქმით, კამპანიამ ამ დღეს ტელევიზორში პოლიტიკური რეკლამები შეაჩერა.

მანამდე ამ ადგილს დონალდ ტრამპი ეწვია. ტრამპი და ბაიდენი ერთმანეთს განსხვავებული გრაფიკის გამო ვერ შეხვდნენ. 

შანკსვილის მემორიალთან ტრამპი პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად მივიდა. 

"93-ე ფრენის ოჯახის წევრებს მივმართავ: დღეს ამერიკაში ყოველი გულისცემა თქვენთანაა. თქვენი ტკივილი და ტანჯვა ჩვენი, მთლიანი ქვეყნის გაზიარებული დარდია. თქვენი ძვირფასი ადამიანების ხსოვნა ამერიკას მუდამ შთააგონებს. 93-ე ფრენის გმირები სამუდამოდ გვახსენებენ რომ არ აქვს მნიშვნელობა საფრთხეს, მუქარას, უპირატესობას. ამერიკა ყოველთვის აღზევდება, მაღლა დადგება და იბრძოლებს". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

11 სექტემბერს თეთრ სახლში აშშ-ს დროშა დაეშვა.

2001 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებსა და პენტაგონზე ალ-კაიდას წევრების მიერ გატაცებული თვითმფრინავების შეჯახების და კიდევ ერთი გატაცებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 3,000-მდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები