აშშ-ჩინეთი

აშშ-ს კანონმდებლები Disney-ს უფროსს Mulan-ის ჩინეთის სინძიანგთან კავშირზე ეკითხებიან

აშშ-ს რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები Walt Disney-ს აღმასრულებელ დირექტორს, ბობ ჩეფექს, დაჟინებით მოუწოდებენ, ახსნან კომპანიის კავშირი ჩინეთის სინძიანგის რეგიონის "უსაფრთხოების და პროპაგანდის" მაღალჩინოსნებთან ფილმ "მულანის" გადაღების დროს.

ფილმის გამოსვლის შემდეგ გაირკვა, რომ "მულანის" სცენების ნაწილი გადაღებულია ჩინეთში, სინძიანგის პროვინციაში, სადაც ჩინეთის მთავრობას ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში, უმცირესობის ჯგუფების სპეციალურ, საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნაში . აქამდე ფილმს ბოიკოტს უკვე უცხადებდნენ, რადგან მულანის როლის შემსრულებელმა, ლიუ იფეიმ, გასულ წელს ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული აქციების დროს დაიცვა და სოლიდარობა გამოუცხადა ჰონგ-კონგის პოლიციას, რომელმაც აქციები არაერთხელ დაარბია. 

სინძიანგში ფილმის ნაწილის გადაღება ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფებმა და ზოგიერთმა მთავრობამ, მათ შორის, აშშ-ს მთავრობამ, გააკრიტიკეს. 

"Disney-ს სავარაუდო კავშირი ჩინეთის სახალო რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან, რომლებიც ყველაზე მეტად არიან პასუხისმგებლები დანაშაულების ჩადენაზე ან ამ დანაშაულების დამალვაზე, ღრმად შემაშფოთებელია". - ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს აწერს აშშ-ს 20 კანონმდებელი.

ისინი კომპანიას დაჟინებით მოუწოდებენ, რომ მათ დეტალურად ახსნან ყველაფერი. 

წერილი გააზიარა ჩინეთზე კონგრესის აღმასრულებელმა კომისიამ CECC - ორგანომ, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე და ყოველწლიურ ანგარიშს ადგენს აშშ-ს პრეზიდენტისა და კონგრესისთვის.

CECC-ს თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ მანამდე, სანამ Disney ფილმის გადაღებას ჩინეთში, სინძიანგში დაიწყებდა, ცნობები სინძიანგში უიღურების მდგომარეობაზე უკვე ფართოდ იყო გავრცელებული მედიაში.

წერილში წერია, რომ გადაწყვეტილება მულანის ნაწილის გადაღების შესახებ ადგილობრივ უსაფრთხოებისა და პროპაგანდისტულ ელემენტებთან თანამშრომლობით, ფარულად ლეგიტიმურობაზე მიანიშნებს დანაშაულის ჩამდენებს, რომლებიც, შესაძლოა, გენოციდში მონაწილეობენ.

ამერიკელ კანონმდებლებს კომპანიასთან ასევე აქვთ კითხვები, ფილმის გადაღების დროს ხომ არ გამოიყენეს ადგილობრივი მუშახელი, უიღურები ან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. მათ სურთ გაიგონ, ფილმის გადაღების დროს ამუშავეს თუ არა იძულებით იქ მყოფი პირები.

ამ საკითხთან დაკავშირებით Disney-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 

ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმს უკვე ჩინეთის კომუნისტურ პარტიის პროპაგანდისტული მედიაც აკრიტიკებს. Global Times წერს, რომ "სუსტი მხატვრული დონე, ჩინური კულტურის არასწორად გაგება ჩინეთში ფილმის წარუმატებლობას იწვევს".

---------

 

2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწფიო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიურის წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, სინძიანგში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო "საუკუნის ლაქას" უწოდებს.

კომენტარები