კორონავირუსი საქართველოში

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ბექა კოკაიამ დაადასტურა.

კოკაიას თქმით, თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა 7 სექტემბერს დაიწყო, რისი უფლებაც მათ განათლების სამინისტროსგან მიიღეს.

"ყველა შემომსვლელს ვუზომავდით ტემპერატურას და ვუკონტროლებდით პირბადე ეკეთა თუ არა. ამ კონკრეტულ სტუდენტს უნივერსიტეტში ყოფნის დროს არ ჰქონდა სიმპტომები. გვიან ღამე გამოუვლინდა სიმპტომები და დარეკა დეკანთან. ჩვენ ვურჩიეთ, რომ აღარ მოსულიყო უნივერსიტეტში და გაეკეთებინა ტესტი. სამწუხაროდ, ვირუსი დადასტურდა". – თქვა მან.

ბექა კოკაის თქმით, იმ ფაკულტეტს, სადაც კოვიდინფიცირებული სტუდენტი სწავლობს, იზოლირებული ფლიგელი აქვს და დეზინფექცია ჩაუტარდა.

"სტუდენტს ეკეთა პირბადე. შეხება ჰქონდა რამდენიმე ჯგუფელთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეპიდემიოლოგებთან. დავირუსებული სტუდენტის ის ჯგუფელები, რომლებთანაც შეხება ჰქონდა, გავაფრთხილეთ და ისინიც ჩაიტარებენ ტესტებს". – თქვა მან.

სულ ქვეყანაში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 2 227 შემთხვევა, აქედან 152 - ბოლო 24 საათში. გამოჯანმრთელდა 1 369 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები