ბელარუსი

კოლესნიკოვას ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისთვის ბრალი წარუდგინეს

მარია კოლესნიკოვა
REUTERS

ბელარუსის საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისათვის ბრალი წარუდგინეს. მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია კოლესნიკოვას კერძოდ რომელი ქმედება მიიჩნიეს სისხლის სამართლის 361-ე მუხლის დარღვევად.

თავად კოლესნიკოვა ამბობს, რომ ბელარუსის უშიშროების სამსახურებმა მისი ქვეყნიდან დეპორტირება სცადეს, КГБ-ს ოფიცრებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მოკვლით დაემუქრნენ.

"განსაკუთრებით აღნიშნავდნენ, რომ თუ ჩემი ნებით არ დავტოვებ ბელარუსის რესბულიკას, მაინც გამიყვანენ ცოცხალს თუ მკვდარს. ასევე მემუქრებოდნენ, რომ 25 წლით ჩამსვამენ ციხეში". -  თქვა მან.

კოლესნიკოვა და ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს კიდევ 2 წევრი 7 სექტემბერს გაუჩინარდნენ. თვითმხილველთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები კოლესნიკოვასთან მივიდნენ, შემდეგ კი კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც ეწერა "Связь". მიკროვატობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოლესნიკოვა 8 სექტემბერს ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის კვეთის დროს დააპატიმრეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მარია კოლსენიკოვამ თავისი პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო.

მარია კოლესნიკოვა ამჟამად ქალაქ ჟოდინოშია დაკავებული.

ივლისში მარია კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი გახდა. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაია და ცეპკალო იძულებულები გახდნენ, ბელარუსი დაეტოვებინათ.

არჩევნების შემდეგ კოლესნიკოვა ბელარუსში დარჩა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი თავჯდომარე გახდა. ბელარუსის ხელისუფლებამ საბჭოს შექმნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სექტემბრის დასაწყისში კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ვიქტორ ბაბარიკოს შტაბი გეგმავს ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ვიქტორ ბაბარიკო ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ტიხანოვსკაიას შტაბთან გაერთიანებამდე მარია კოლესნიკოვა ვიქტორ ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

კომენტარები