აშშ-ტაივანი

ტაივანს აშშ-ს კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი ეწვევა

აშშ-ს ჯანმრთელობის მდივნის ვიზიტის შემდეგ, აშშ ტაივანში კიდევ ერთ მაღალი რანგის ოფიციალურ პირს გზავნის. 

აშშ-ს ეკონომიკური საკითხების მინისტრის მოადგილე კიტ კრაჩი ტაივანს ყოფილი პრეზიდენტის ლი თენგ-ხუეის ხსოვნის ცერემონიაზე ეწვევა. ტაივანის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ლი თენგ-ხუეი 30 ივლისს გარდაიცვალა.

ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს

"შეერთებული შტატები პატივს მიაგებს პრეზიდენტ ლის მემკვიდრეობას, ტაივანთან და მის ძლიერ დემოკრატიასთან საერთო პოლიტიკური და ეკონომიკური ღირებულებებით ჩვენი ძლიერი კავშირის გაგრძელებით".

ტაივანის მთავრობის განცხადებით, კრაჩის ვიზიტი 17 სექტემბერს დაიწყება. კრაი პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენს 18 სექტემბერს შეხვდება. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ნაბიჯს გმობს და აცხადებს, რომ ჩინეთი მკაცრად ეწინააღმდეგება აშშ-სა და ტაივანს შორის ოფიციალურ ურთიერთობას. პეკინი ჩინეთი-აშშ-ს ურთიერთობის სერიოზული დაზიანებით იმუქრება. 

გასულ თვეს აღმოსავლეთ აზიის საკითხებში აშშ-ს მაღალი რანგის დიპლომატმა, დევიდ სტილველმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ტაივანთან ურთიერთობებს წახალისებას აპირებს ახალი ორმხრივი ეკონომიკური დიალოგის დაფუძნებით. მისივე თქმით, ამ საქმეს კრაჩი გაუძღვება.

ამავდროულად, Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ ტაივანისთვის სამხედრო შეიარაღების მორიგი პარტიის მიწოდებას გეგმავს. 

ბოლო პერიოდში ტაივანსა და აშშ-ში განახლდა დებატები აშშ-ტაივანის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სავარუდო, სამომავლო გაფორმებაზე. უცნობია, კრაჩის ვიზიტი ამ საკითხს უკავშირდება თუ არა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ტაივანს აშშ-ს ჯანმრთელობის მდივანი, ალექს აზარი ეწვია. აზარი უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც 1979 წლის შემდეგ ტაივანს ეწვია. 1979 წელს აშშ-მ ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაამყარა. ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს ნებით ან ძალით შეიერთებს.

აზარი ტაივანში ეკონომიკური და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით და ასევე პანდემიასთან ბრძოლაში ტაივანის საერთაშორისო როლის გაზრდის მხარდაჭერისთვის ჩავიდა. 

ტაივანი მსოფლიოში ახალი კორონავირუსის მართვაში ერთ-ერთი ლიდერია - 24 მილიონიან ტაივანში იანვრიდან ამ დრომდე ახალი კორონავირუსის მხოლოდ 503 შემთხვევა დადასტურდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა და 478 გამოჯანმრთელდა.

ტაივანმა დეკემბრის ბოლოს გააფრთხილა ჯანმო ახალი ვირუსის ჰაერწვეთოვანი გადადების საფრთხეზე. ამ ყველაფრის მიუხედავად, ტაივანს ჯანმოში ჩინეთის წნეხის გამო არ იღებენ (ვრცლად იხილეთ ტაბულას სტატიაში - როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად). აშშ-მ და სხვა თანამოაზრე ქვეყნებმა მაისში ჯანმო-ში მხარი დაუჭირეს, რომ ის ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეას დასწრებოდა, მაგრამ ჯანმო ისევ უარზე იყო.

ტაივანთან სულ 14 ქვეყანას და ვატიკანს აქვთ დამყარებული ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები. აშშ-სა და ტაივანს 1979 წლის შემდეგ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ, თუმცა იგი ტაივანის უდიდესი მოკავშირე და სამხედრო შეიარაღების ყველაზე დიდი მიმწოდებელია. მარტში ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც აშშ-ს ტაივანის საერთაშორისო როლისთვის მეტი თანადგომა მოეთხოვება.

კომენტარები