ჩინეთი

H&M ჩინურ მომწოდებელთან კავშირს წყვეტს იძულებითი შრომის ბრალდებების გამო

ტანსაცმლის შვედურმა კომპანია H&M-მა 15 სექტემბერს განაცხდა, რომ ჩინური ნართის მწარმოებელთან კავშირს წყვეტს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ბრალდებები, რომ  ჩინეთის სინძიანგის რეგიონში ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს იძულებით ამუშავებენ. 

კომპანიამ აღნიშნა, რომ ის რეგიონში არცერთ ქარხანასთან არ მუშაობს და ამიერიდან აღარ შეიძენს ბამბას სინძიანგიდან, რომელიც ჩინეთში ყველაზე დიდი ადგილია, სადაც ბამბა მოჰყავთ. 

აღსანიშნავია, რომ ანალიტიკურმა ინსტიტუტმა, ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტმა (ASPI) მარტში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ H&M ჩინეთში ანხუეიში Huafu-ს ნართის მწარმოებელ ქარხანასთან ურთიერთობის გამო იძულებითი შრომის ერთ-ერთი ბენეფიციარია. 

H&M-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ მას არც ანხუეის ქარხანასთან და არც სინძიანგში Huafu-ს საქმიანობასთან კავშირი არ ჰქონია. 

კომპანიამ აღიარა, რომ მას აქვს "არაპირდაპირი საქმიანი ურთიერთობა ერთ ქარხანასთან" შანგიუში, ჭეძიანგის პროვინციაში, რომელიც Huafu Fashion-ს ეკუთვნის.

"მაშინ, როდესაც შანგიუს ქარხანაში იძულებითი შრომის შესახებ მითითება არ არსებობს, მანამ, სანამ იძულებითი შრომის ბრალდებებზე მეტ სიცხადეს არ მივიღებთ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში შევწყვიტოთ ჩვენი არაპირდაპირი ბიზნესურთიერთობა Huafu Fashion-თან, განყოფილების და პროვინციის მიუხედავად".

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ გამოძიება ჩაატარა ყველა ქარხანაში, რომლებთანაც ჩინეთში მუშაობს. მათივე განცხადებით, გავრცელებული ცნობები იძულებითი შრომის შესახებ კომპანიისთვის გაზრდილი რისკია.

აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბერს აშშ-ში განაცხადეს, რომ ჩინეთის სინძიანგის პროვინციიდან საექსპორტო პროდუქტების ნაწილის შემოტანას კრძალავს. ოფიციალური ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ მათი წარმოებისთვის იძულებით ამუშავებენ უიღურ მუსლიმებს, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში ჰყავთ მოთავსებული. აკრძალვა შეეხება სინძიანგის და ანხუეის პროვინციიდან ქსოვილების, ბამბის, კომპიუტერის ნაწილებისა და ადამიანის თმის იმპორტს.

"ადამიანის უფლებათა ამ დარღვევებს შესაფერისი პასუხი სჭირდება. ეს თანამედროვე მონობაა". – თქვა აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, კენეთ კასინელიმ.

აშშ-მ რეგიონში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის უფლებების დარღვევის გამო ჩინეთს უკვე არაერთი სანქცია დაუწესა.

აღსანიშნავია, რომ 9 ივლისს ვაშინგტონმა ჩინეთის პოლიტბიურის წევრს, სინძიანგის უიღურების ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის მდივანს, ჩენ ცუანკუოს და სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩენი უმაღლესი რანგის ჩინელი მაღალჩინოსანია, რომელსაც კი აქამდე აშშ-ს სანქციები შეხებია.

მიმდინარე წელს აშშ-ს კანონმდებლებმა წამოაყენეს კანონპროექტი, რომელის თანახმადაც მიჩნეული იქნებოდა, რომ სინძიანის პროვინციიდან იმპორტირებული პროდუქცია იძულებითი შრომითაა შექმნილი და აშშ-ში მისი შეტანისთვის საპირისპიროს დამადასტურებელი სერტიფიკატი იქნებოდა საჭირო.

_____

ბოლო წლებში ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაამკაცრა უშიშროების ზომები სინძიანის პროვინციაში, რის მიზეზადაც ჩინეთი რეგიონში სეპარატიზმსა და ტერორიზმს ასახელებს.

ჩინეთს სინძიანის რეგიონში მოწყობილი აქვს "გამოსასწორებელი" დაკავების ბანაკები, სადაც ატყვევებენ მუსლიმ უიღურებს და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. 2018 წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანმანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის. ადამიანები, რომლებმაც ამ ცენტრებს თავი დააღწიეს, ყვებიან, რომ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე ყვებიან. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

ჩინეთის მთავრობა უიღურებს პოპულაციის გაკონტროლების მიზნით სხვადასხვა კონტრაცეპტივის გამოყენებას აიძულებს. სამთავრობო სტატისტიკაზე, სახელმწიფო დოკუმენტებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით AP-მ გამოძიება ჩაატარა. უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ჩინეთის მთავრობა სინძიანის პროვინციაში უიღურების წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას ატარებს, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი „დემოგრაფიულ გენოციდსაც“ კი უწოდებს.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15 000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40 000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ. გაიცა იმ უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, სინძიანში არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებებისთვის "საუკუნის ლაქას" უწოდებს.

კომენტარები