არჩევნები 2020

ბოკერია: ერთადერთი გამოსავალი მოქალაქეებისთვის წნეხის და გადასახადების დაწევაა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია ლარის გაუფასურებასა და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობს, რითაც შესაძლებელია კრიზისის დაძლევა.

გიგა ბოკერიას თქმით, ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკა არის მავნებლობა, რომ ისინი არ აპირებენ რამის შეცლას და აცხადებენ, რომ იმავე პოლიტიკას გააგრძელებენ.

    "ივანიშვილის გუნდის მმართველობის პირობებში ლარი გაუფასურდა ჯამში 1.65-დან 3.13 ლარამდე, დოლართან მიმართებაში. მარტო ამ 9 თვის განმავლობაში რომ დავითვალოთ, მინიმუმ 30 თეთრით არის გაუფასურებული ლარი. ამან დაარტყა პირდაპირ იმ ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ აღებული სესხი და პანდემიის და ეკონომიკის ძალიან რთულ მდგომარეობაში ყოფნის დროს, ეს არის უმძიმესი ვითარება" - თქვა გიგა ბოკერიამ. 

    ბოკერიას აზრით, იმისათვის, რომ შემცირდეს წნეხი მოსახლეობაზე, უნდა მიხდეს შემდეგი:

    • საშემოსავლო გადასახადის დაწევა;
    • დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწევა;
    • აქციზის გადასახადის დაწევა;
    • საზღვრების გახსნა და რეგულარული ფრენების აღდგენა.

    "ერთადერთი გამოსავალი არის წნეხის სწრაფად დაწევა მოქალაქეებისათვის და გადასახადების დაწევა. ჩვენ გვაქვს დათვლილი, კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა მოხდეს როგორც საშემოსავლო გადასახადზე, ისე დღგ-ზე, ისე აქციზზე. შეგახსენებთ, რომ დღგ და საშემოსავლო გადასახადი პირდაპირ არის კავშირში იმ ხალხთან, ვინც ოფიციალურად დასაქმებულია, მათ შორის, ბანკებს ამის შედეგად დარჩებათ მეტი რესურსი და შესაძლებლობა, რომ გადაავადონ სესხები დაბალ პროცენტში, ეს არ იქნება პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტა.

    ასევე, აქციზის გადასახადი, რომელსაც ირიბად იხდის ყველა მოქალაქე. საგულისხმოა ტურისტულ ინდუსტრიასთან დაკავშირებით გადადგმული კატასტროფული ნაბიჯები, როდესაც ისეთი უსაფრთხო ქვეყნებიდანაც კი, როგორიცაა პოლონეთი, არ არის გახსნილი მოგზაურობის შესაძლებლობა საქართველოში. ამით მთავრობა პირდაპირ ამცირებს დოლარის შემოსვლას ქვეყანაში, რაც არის უშუალო მიზეზი ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის". - ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი.

    გიგა ბოკერიას თქმით, ეს ნაბიჯები დაეხმარება ქვეყანას, ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს და ამის შედეგი დაეტყობა ყოველ მოქალაქეს, მათ შორის მეწარმეებს, საშუალო კლასს და გაჭირვებულ ადამიანებს.

    "ეს ნაბიჯები გადასადგმელია სწრაფად. ჩვენ არ გვჯერა, რომ ივანიშვილის მთავრობას აქვს პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს ნაბიჯები გადადგას დღეს, რადგან მათი დამოკიდებულება არის უტიფარი თვითკმაყოფილება და ის, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ. თუმცა ეს ცვლილებები არის აუცილებელი და თუ ამას ივანიშვილის მთავრობა ახლავე არ გააკეთებს, რაც, სამწუხაროდ, შესაძლოა, ასე მოხდეს, ეს უნდა გაკეთდეს მყისიერად, არჩევნებში მათი დამარცხების შემდეგ". - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 80 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ლარი გაუფასურებას განაგრძობს, დოლართან და ევროსთან მიმართებით ლარი, დაახლოებით, 2-2%-ით გაუფასურდა. ჯამურად, მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე 13 ინტერვენცია განახორციელა, რომელთა მეშვეობითაც რეზერვებიდან 420 მილიონი დოლარი გაიყიდა.

    საქართველოდან პირდაპირი რეგულარული ფრენების უფლება კი მხოლოდ სამ ავიაკომპანიას აქვს - Lufthansa-ს (თბილისი-მიუნხენი, კვირაში ორჯერ), Air France-ს (თბილისი-პარიზი, კვირაში ორჯერ), Air Baltic -ს (თბილისი-რიგა, კვირაში ორჯერ). ასევე ავიაკომპანია აირზენა ასრულებს თვეში რამდენიმე ჩარტერულ რეისს ბერლინის, ვენის, პარიზის და ამსტერდამის მიმართულებით, ხოლო ეგეოსის ავიახაზები - ათენის მიმართულებით. გარდა ამისა, მთავრობამ სტამბოლის, კიევის, დოჰის და ვარშავის რეისზე ცალმხრივი ჩარტერები დანიშნა - მგზავრებს მხოლოდ თბილისიდან გაფრენა შეუძლიათ.

    აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას ამ დრომდე არ აძლევდა, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ.

    ნათია თურნავამ დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენაზე პირველად 16 სექტემბერს ილაპარაკა. მან ევრონიუს საქართველოს ეთერში თქვა, რომ სექტემბერშივე აღადგენდა Wizzair-ი "გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენებს" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. Wizzair-ის განცხადებით, კომპანია ფრენებს 4 ოქტომბრიდან განაახლებს.

    თურნავას თქმით, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair-იც აღადგენს ფრენებს და ფრენები ეტაპობრივად აღდგება უახლოეს რამდენიმე თვეში.

    აღსანიშნავია, რომ ავიაციის სააგენტოს ნოტამის მიხედვით, რიგის, პარიზის და მიუნხენის მიმართულებების გარდა, რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე შეწყვეტილია.

    კომენტარები