ევროპული საქართველო

გადასახადების ყველასთვის დაწევის იდეას თურნავა საბჭოთა "ურავნილოვკის" პრინციპს ეძახის

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ევროპული საქართველოს ინიციატივას, შემცირდეს გადასახადები ყველასთვის, საბჭოთა "ურავნილოვკის" (გათანაბრება) პრინციპს უწოდებს.

ეკონომიკის მინისტრს მიაჩნია, რომ ბარის მიმტანისა და მთავრობის წევრისთვის თანაბარი გადასახადი მემარჯვენე იდეებს ეწინააღმდეგება. თქვა ნათია თურნავამ პარლამენტში გადასახადების დაწევის შესახებ გიგა ბოკერიას კითხვის პასუხად. 

"კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ქვეყნის მთავარ, ფინანსურ დოკუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი დანახული უნდა იყოს, პირველ რიგში, ფისკალური ეფექტის ჭრილში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც თითოეულ ლარს თავისი მიზნობრივი გამოყენება სჭირდება.

იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ უცნობია, თუნდაც წლის ბოლომდე, რა გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს გლობალური პანდემია, დაუფიქრებელი, წინასწარ გაუთვლელი, გაუაზრებელი გადაწყვეტილებების და ზომების მიღების დრო არ არის და, საბედნიეროდ, დღეს საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ამას კარგად ითვალისწინებს და კარგად ესმის.

შესაბამისად, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, მათ შორის საგადასახადო შეღავათების ნაწილში, იყო მკაცრად მიზნობრივი და სწორედ იმათ მივანიჭეთ ეს შეღავათები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და თან იმდაგვარად, რომ არ დაგვეზარალებინა ჩვენი ბიუჯეტი, რომელიც წელს დაბალანსებულია საგარეო დახმარების წყალობით და ესეც, რა თქმა უნდა, ვალია და ჩვენ მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება ამის გამო". – თქვა ნათია თურნავამ. 

ეკონომიკის მინისტრმა ევროპული საქართველოს ლიდერს უთხრა, რომ წაიკითხა პარტიის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა და მიაჩნია, რომ, როგორც დაბალხელფასიანი, ისე მაღალხელფასიანი ადამიანებისთვის საშემოსავლო გადასახადის განახევრება საბჭოთა გათანაბრების პრინციპია.

საშემოსავლო გადასახადის განახევრება ყველასთვის თანაბრად - როგორც დაბალხელფასიანი ადამიანებისთვის, მაგალითად, მიმტანი ბარში, საბავშვო ბაღის დამრიგებელი, ისე მაღალხელფასიანი ადამიანისთვის, მაგალითად, მთავრობის წევრი ნათია თურნავასთვის, ან პარლამენტის წევრი გიგა ბოკერიასთვის. რატომ უნდა გაგინახევრდეთ თქვენ საშემოსავლო გადასახადი, მითხარით? რატომ უნდა გაგიკეთდეთ, დავუშვათ, პარლამენტის წევრს ეს შეღავათი, როდესაც მე, რამდენადაც ვიცი და თუ არ მეშლება, ჯერ კიდევ პანდემიამდე დისტანციური მუშაობის რეჟიმში იყავით გადასული ამ პარლამენტში.

შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უსამართლო. იგივე უცნაური მიდგომა გაქვთ თქვენ ქონების გადასახადთან დაკავშირებით, საერთოდ წლის ბოლომდე გავანულოთ ქონების გადასახადიო. თავი დავანებოთ იმას, რომ 450 000 000-ს ველოდებით ბიუჯეტში ქონების გადასახადიდან, არ მესმის, რატომ არ უნდა გადავახადევინოთ გადასახადი მსხვილ ბიზნესებს მაგალითად, ან ყველა დარგს, ან იმ საწარმოებს, რომლებიც კოვიდისდა მიუხედავად, შეუფერხებლად მუშაობდა.

ეს არის, ბატონო გიგა, თქვენ გემახსოვრებათ ეს ტერმინი, საბჭოთა "ურავნილოვკის" პრინციპი და ძალიან მიკვირს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს დებს მემარჯვენეობაზე, საბჭოთა ურავნილოვკის პრინციპს გვთავაზობს და, საერთოდ, მთლიანობაში, მინდა გითხრათ, რომ თქვენი ინიციატივები არის მინუს მილიარდ 600 000 ლარი დაკარგული ბიუჯეტში მარტო გადასახადების ნაწილში. არ ვიცი, რამდენად პასუხისმგებლიანია და რა გათვლებს ეფუძნებოდა და მაგის ზემოთ დანარჩენი ინიციატივები სადღაც 4 მილიარდი ლარის გარეშე უნდა დარჩეს ბიუჯეტი ამ ვითარებაში". – თქვა ნათია თურნავამ. 

ნახეთ, რა ჰკითხა გიგა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს აქ

კომენტარები