აშშ-საქართველო

2003 წლიდან აშშ-მა 1 627 526 $ დახარჯა მართლმადიდებლური სიწმიდეების შენარჩუნებისთვის

აშშ-ის საელჩოს დახმარება

2003 წლიდან დღემდე, ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის პროექტების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უშუალოდ მართლმადიდებლური სიწმიდეების გადარჩენა-შენარჩუნებისთვის 1 627 526 $ გაიღო.

ჯამში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის გამოყოფილი თანხა ორ მილიონამდე დოლარს შეადგენს. 

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ორი წლის წინ აღმოაჩინა, რომ ანტიამერიკული განწყობები გასამმაგდა. ანტიდასავლური პროპაგანდა აშშ-ს ხშირად წარმოადგენს მართლმადიდებლობასთან მებრძოლად. ტაბულამ აშშ-ის საელჩოდან გამოითხოვა ინფორმაცია, უშუალოდ მართლმადიდებლურ სიწმიდეებთან დაკავშირებული პროექტებისთვის გაცემული თანხების შესახებ.

გთავაზობთ ამერიკელი ხალხის ფულით დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალს.

2020 მცხეთაში ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის კონსერვაცია - 506 250$

პროექტის ფარგლებში კონსერვაცია ჩაუტარდება ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის ფასადს. საკონსერვაციო სამუშაოებმა შენობის ქვიშაქვის წყობა მთლიანად უნდა მოიცვას, მათ შორის ოთხივე ფასადი და გუმბათის რვავე მხარე, მთლიანობაში 1200 კვადრატული მეტრი ფართობის ზედაპირი.

2019 მე-6 საუკუნის ჯვრის ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ფაზა, ჯვრის მონასტერი მცხეთა - 100 000$

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა ჯვრის მონასტრის, განსაკუთრებული ღირებულის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, შემდგომი დაზიანებისგან დასაცავად ელჩის ფონდის გრანტი მოიპოვა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი მიზნად ისახავს მთავარი ტაძრის ფასადებზე დაზიანებული მოსაპირკეთებელი ქვის კონსერვაციას. პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის კომპლექსურ შესწავლასა და საკონსერვაციო გეგმის შემუშავებას, რომელშიც გაწერილი იქნება კონსერვაციის სტრატეგია და ჩარევების დეტალური გეგმა. საკონსერვაციო პროექტი ითვალისწინებს შენობის გარე ქვიშაქვის მთლიანი წყობის შესწავლას, ოთხივე ფასადისა და ყელის რვავე წახნაგის ჩათვლით, მთლიანობაში კედლის ზედაპირის დაახლოებით 1 200 კვადრატულ მეტრს.

2016 გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეგვრეტების და ნართექსის ქვის კონსერვაცია - 150 000$

პროექტი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელებული არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ერთგვარი გაგრძელება იყო და ითვალისწინებდა გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ზედა ნაწილებში ჩასატარებელ სამუშაოებს. პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მსხვილი გრანტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ღვთისმშობლის ტაძრის ქვის კონსერვაციის დასრულება, კერძოდ, ტაძრის ეგვტერებისა და ნართექსის (მთლიანობაში 615 მ2) და, შესაბამისად, აღმოიფხვრა ქვის წყობასთან დაკავშირებული პრობლემები და, შესაბამისად, მათი არასასურველი ზემოქმედება ტაძრის შიდა სივრცეზე.

2014 მე-11 - მე-13 საუკუნეების სახარების ყდების დიაგნოსტიკა - 24 992$ 

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 49 ხელნაწერი წიგნი ძვირფასი ლითონებით მოჭედილი ყდებით; მათი უმეტესობა შესრულებულია პერგამენტზე XI-XIII საუკუნეებში. მხოლოდ სამ მათგანს აქვს შენარჩუნებული თავდაპირველი ყდა: კერძოდ, ბერთის, წყაროსთავისა და ტბეთის სახარებებს, რომლებიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში.

ელჩის ფონდის გრანტის ფარგლებში განხორციელდა ბერთის, წყაროსთავისა და ტბეთის სახარებების ლითონით მოჭედილი ყდების დეტალური დიაგნოსტიკა, ასევე, დამატებით, დაცული იქნა და გამოიცა ადრეული შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები (XI-XIII საუკუნეები).

2014 გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის და გუმბათის ყელის ფრესკის კონსერვაცია - 50 000$

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათისა და გუმბათის ყელის ფრესკების კონსერვაცია; აგრეთვე ფრინველების მიერ გამოწვეული დაზიანებების თავიდან ასაცილებლად გარკვეული ზომების დაგეგმვა, რაც სპეციალური კონსტრუქციების მეშვეობით მოხერხდა.

2013 გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია - 600 000$

ეს პროექტი კომპლექსის მართვის დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკების დიაგნოსტიკური კვლევით დაიწყო 2003 წელს, ხოლო შემდგომ 2012 წელს წმ. მარინეს ეგვტერის ფრესკების კონსერვაციით გაგრძელდა. უკანასკნელი პერიოდის დაფინანსება, რომლის ღირებულება 600 000 აშშ დოლარს შეადგენს, ითვალისწინებს გელათის მონასტრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციას, მათ შორის მოჭიქული კერამიკის სახურავის ფილების მონტაჟს, ქვის ფილების გაწმენდას, კარნიზების კონსერვაციას, ფანჯრების შემინვას, ქვის ზედაპირზე მცენარეული და ბიოლოგიური დაზიანებების აღმოფხვრას, ტაძრის შიდა სივრცეში არსებული ფრესკების მონიტორინგსა და გადაუდებელ კონსერვაციას. ღვთისმშობლის ტაძრის, სამონასტრო კომპლექსის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ნაგებობის, არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია მონასტრის დაცვასა და მისი შემდგომი წარმატებული მართვისა და მოვლისაკენ გადადგმული ნაბიჯია.

სხვადასხვა პერიოდში აგებული რამდენიმე შენობისგან (ღვთისმშობლის ტაძარი (XII ს), აკადემია (XII ს), წმ. გიორგის ტაძარი (XIII ს) და წმ. ნიკოლოზის ტაძარი (XIII ს)) შემდგარი გელათის სამონასტრო კომპლექსი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და საერო არქიტექტურის მრავალფეროვნებას წარმოადგენს. ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი ჯვარულ-გუმბათოვანი ტიპისაა აღმოსავლეთის ფასადზე გამოწეული სამი აფსიდით. ნართექსი, სამხრეთის მინაშენი კარიბჭეთი, აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკვტერები მოგვიანებით, XII საუკუნეში იქნა მიშენებული, ხოლო ჩრდილოეთის მინაშენი ორი ეკვტერითა და ორი კარიბჭით XIII საუკუნეშია აგებული. მთავარი ტაძრის მრავალშრიანი მოხატულობა სხვადასხვა საშუალებითაა შესრულებული – მოზაიკა და ფრესკები – და XII-XIX საუკუნეებით თარიღდება. მასში თითქმის სრულადაა ასახული ქართული საეკლესიო მხატვრობის განვითარების ისტორია.

კულტურული, საგანმანათლებლო და რელიგიური მნიშვნელობის გარდა, გელათი წარმოადგენდა ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა სამარხს, აგრეთვე მრავალი მნიშვნელოვანი ნამუშევრის საცავს, რაც დღეს სამუზეუმო კოლექციებს ამშვენებს.

2012 გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინეს ეგვრეტის ფრესკების კონსერვაცია - 40 880$

წმ. მარინეს ეგვტერის XV-XVI საუკუნეების ფრესკები, რომლებიც მეტად ღირებულია საქართველოსთვის, როგორც ისტორიული, ასევე კულტურული თვალსაზრისით, 2003 წელს ელჩის ფონდის დაფინანსების ფარგლებში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევის თანახმად, სრული განადგურების საფრთხის ქვეშ იყო. პირვანდელი პროექტის გაგრძელებად მიჩნეული ამ ეტაპის მიზანს ადრე შემუშავებული კონსერვაციის გეგმისა და რეკომენდაციების სისრულეში მოყვანა წარმოადგენდა ფრესკების მომავალი თაობებისათვის შენარჩუნების მიზნით. აღნიშნული პროექტი, რომელიც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელდა, ითვალისწინებდა რიგი საკონსერვაციო სამუშაოების შესრულებას, კერძოდ, არქიტექტურული სტრუქტურის გადაუდებელ სტაბილიზაციას, ბათქაშისა და ფერწერული ფენების გამაგრებასა და მარილების მოშორებას. საკონსერვაციო სამუშაოებთან ერთად, პროექტი ასევე ითვალისწინებდა საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებსაც, რამაც ინიციატივას დამატებითი სოციალური ღირებულება შესძინა.

2011 ხახულის კარედის კონსერვაცია და ახალი გამოფენა - 18 000$

პროექტი განახორციელა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, რომელშიც ხახულის კარედია გამოფენილი. ხატის ძველი საგამოფენო ყუთი არ შეესაბამებოდა მუზეუმის სტანდარტებს და ხატს საფრთხეს უქმნიდა. შეიქმნა ახალი საგამოფენო ყუთი. გარდა ამისა, ახალმა საგამოფენო ყუთმა ცნობილი ხახულის კარედი მნახველებისთვის უფრო მისაწვდომი გახადა.

2009 წმინდა გიორგის და სამების ეკლესიების შენარჩუნება - 49 500$

პროექტი ითვალისწინებს ორი ეკლესიის, კერძოდ, X-XI სს-ებით დათარიღებული არბოში მდებარე წმ. გიორგისა და ტირძნისში მდებარე გვიანდელი შუა საუკუნეების სამების ეკლესიების რეაბილიტაციას. ერთნავიანი არბოს წმ. გიორგის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული და შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ძეგლია. ამის დასტურია აღმოსავლეთ ფასადზე ხარის თავის დიდი გამოსახულება, სადაც გარკვეული პარალელები შეინიშნება ქართული ხუროთმოძღვრების ისეთ მნიშვნელოვან ძეგლებთან, როგორიცაა ბოლნისის სიონი და სვეტიცხოველი.

ორივე ეკლესია დგას შიდა ქართლის წარსულში ბუფერულ ზონაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კონფლიქტის ზონად იქცა. აქედან გამომდინარე, ორივე ძეგლი განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებდა. ელჩის ფონდის დაფინანსებით ორივე ძეგლს ჩაუტარდა გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები და რესტავრირებულმა ეკლესიებმა აღიდგინეს თავიანთი თავდაპირველი ფუნქცია და კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას ყოფა შეუმსუბუქეს.

2009 სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული ეთნოგრაფიული ნივთების, შუა საუკუნეების ხელნაწერებისა და ხატების შენარჩუნება და დაცვა - 29 100$

პროექტის ძირითადი მიზანი იყო სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული რვა ხელნაწერისა და ათი ხატის დაცვა და პრევენციული საკონსერვაციო დამუშავება, აგრეთვე შენახვის პირობების გაუმჯობესება. მუზეუმის კოლექციაში თავმოყრილია კერამიკული, ძვირფასი საკულტო თუ რელიგიური ნივთები და საბრძოლო იარაღი, ინახება სხვადასხვა მასალა და ისტორიული თემების ეკლესიებში (კალა, იფარი, მულახი, ლატალი და ფარი) შეგროვილი კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ნივთები. სვანეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრები მიუთითებს, რომ ამ ტერიტორიაზე აქტიური კულტურული და სოციალური ცხოვრება ჩქეფდა ძვ.წ. III ს-ში. პროექტის მეშვეობით, ხელნაწერებსა და ხატებს აღარ ემუქრებათ დაზიანების საფრთხე და მუზეუმი კვლავ გაიხსნა ვიზიტორებისათვის 2013 წლის ივლისში.

2007 თეთრი უდაბნოს ფრესკების შენარჩუნება - 13 665$

თეთრი უდაბნოს მონასტრის, საქართველოში ერთ-ერთი უძველესი მონასტრის, ფრესკების ფრაგმენტები ქართული კედლის მხატვრობის უძველეს და უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენს. 1996 წელს დავით გარეჯის კვლევითი ცენტრის წევრებმა გარეჯის უდაბნოს დასავლეთ მიდამოებში კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის კომპლექსი აღმოაჩინეს, რომელიც "თეთრი უდაბნოს" სახელწოდებითაა ცნობილი. დღეისათვის სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ რამდენიმე ქვაბულია შემორჩენილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მასიური, კონუსური ფორმის კლდეში ნაკვეთი ორი ტაძარია. პირველად სწორედ ამ ერთ-ერთი ტაძრის საკურთხეველში შესრულდა კედლის მხატვრობა. კედლის მოხატულობაში გარკვეული პარალელები შეინიშნება ადრეულ შუა საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში გავრცელებულ აღმოსავლეთ ქრისტიანულ მხატვრობასთან.

ამ მონასტრის ფრესკების შესანარჩუნებლად საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ელჩის ფონდის დაფინანსება მიიღო. პროექტი ითვალისწინებდა VII და VIII საუკუნეებით დათარიღებული ფრესკების ფრაგმენტების კვლევას, აღრიცხვასა და რესტავრაციას. მოხერხდა ფრესკების ფრაგმენტების შემდგომი დაზიანებისაგან დაცვა და ხელახალი აწყობა, შესაძლებელი გახდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მათი საჯაროდ გამოფენა.

2004 ატენის სიონის ტაძრის რესტავრაცია - 29 929$

VII საუკუნეში აგებული ატენის სიონის ტაძარი ადრეული ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძრის შიდა სივრცეში არსებული ფრესკები თავისი იკონოგრაფიული და სტილისტური ხასიათით ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს განძს წარმოადგენს. ტაძრის არქიტექტურის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოებისათვის, კერძოდ, VII საუკუნის არქიტექტურისა და XI საუკუნის ფრესკების შესანარჩუნებლად ელჩის ფონდის შესაბამისი თანხები გამოყო.

2003 გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკების დიაგნოსტიკური კვლევა - 15 210$

გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც საქართველოში საუკუნეების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა, მრავალი გამორჩეული ფრესკის საგანძურია. გელათი მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მის სიცოცხლეში აგებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობაა. პოლიტიკური, საგანმანათლებლო და რელიგიური მნიშვნელობის გარდა, გელათის სამონასტრო კომპლექსი გამოირჩევა კულტურული, ისტორიული და მხატვრული ღირებულების მქონე ბიზანტიური და შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ქრისტიანული ფრესკებით. პროექტი მიზნად ისახავდა გელათის სამონასტრო კომპლექსის, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონასტრის, ფრესკების დიაგნოსტიკურ კვლევას სარესტავრაციო საჭიროებების დასადგენად. XII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ფრესკების კვლევა და დაზიანებათა დამუშავების დაგეგმვა მიზნად ისახავდა ისეთი პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა მკრთალი შეფერილობა, სოკოვანი დაავადებები და მარილების კრისტალიზაცია ფრესკების ზედაპირზე. გელათის სამონასტრო კომპლექსის უმნიშვნელოვანესი მხატვრული და კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, იგი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

კომენტარები