ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმა

კახიძე ცუცქირიძეზე თავდასხმაზე: ხელისუფლება ოპონენტებზე ანგარიშწორებას წლებია, ახალისებს

ტაბულა

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში ოთარ კახიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრზე, ლაშა ცუცქირიძეზე, თავდასხმას ეხმაურება. კახიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ძალადობას ქართული ოცნება, წლებია, ახალისებს. 

"დღემდე დაუსჯელნი არიან: 2013 წელს პარლამენტის ბიბლიოთეკასთან ჯგუფურად მოძალადე პირები და მათი ხელმძღვანელები, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე ჯგუფური თავდასხმის ჩამდენები და ორგანიზატორები, კორცხელში ხელისუფლების წარგზავნილ ზონდერთა ჯგუფი და მათი კურატორები, ახალქალაქში ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე თავდამსხმელთა ჯგუფი, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე აეროპორტში თავდამსხმელი ზონდერები და აღნიშნული თავდასხმის დამკვეთები და ა.შ." - ამბობს კახიძე.

ოთარ კახიძე მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მორიგი დასტური, რომ თავდამსხმელთა უკან დგას ქართული ოცნება. ხელისუფლების მხრიდან ზონდერ ჯგუფების გამოყენება ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ქმნის წინასაარჩევნოდ ძალადობრივ ფონს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას ჩვენ საზოგადოებაში." - ამბობს ის.  

ლაშა ცუცქირიძეს თავს ორი ნიღბიანი პირი გუშინ, 18 მარტს, დაესხა. ტაბულასთან საუბარში ენმ-ის წევრი, ზვიად კუპრავა აღნიშნავს, რომ ფაქტი თბილისში, პეკინზე მოხდა, როდესაც ცუცქირიძე სახლში ბრუნდებოდა. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები