არჩევნები 2020

"გგონივართ ადამიანი, რომელსაც ჭკუა უნდა ასწავლოთ?" – მიტროპოლიტი იოანე "ოცნების" ღონისძიებაზე

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებას ქუთაისის შემდეგ წყალტუბოშიც დაესწრო. მიტროპოლიტი ჟურნალისტების კითხვას წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების შესახებ პასუხობს, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ჭკუა უნდა ასწავლონ, ღონისძიებაზე კი მისი მხარდაჭერის ან სიტყვით გამოსვლა არ ყოფილა.

"თქვენ მე გგონივართ ახლა ადამიანი, რომელსაც ჭკუა უნდა ასწავლოთ? ჩემი გამოსვლა იყო მხარდაჭერის? ჩემი სიტყვით გამოსვლა იყო? – არა.

მე მივაგე პატივი ხელისუფლების პირველი პირის მოსვლას აქ, გუშინაც და დღესაც". – ამბობს მიტროპოლიტი იოანე.

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს აქამდე საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი დაესწრო, რასაც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება გამოეხმაურა. ISFED აცხადებს რომ "მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის".

ორგანიზაცია სასულიერო პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.

კომენტარები