არჩევნები 2020

მეუფე შიო: "ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე მისვლა მხარდაჭერას არ ნიშნავს

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს (მუჯირი) აზრით, ქართული ოცნების კანდიდატების წარდგენასა და პარტიულ ღონისძიებებზე სასულიერო პირების დასწრება მხარდაჭერას არ ნიშნავს.

"მანდ მისვლა არ ნიშნავს მხარდაჭერას. მხარდაჭერა არის განცხადება სიტყვიერად, მხარდაჭერისკენ მოწოდება". – ამბობს მეუფე შიო ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუშინ მმართველი გუნდის პარტიულ შეკრებას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანე დაესწრნენ. მეუფე ანტონი ამბობს, რომ "არავისი შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ."

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს აქამდე საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი დაესწრო. მათგან ერთერთი ბოლო ანტიდასავლელისა და პუტინისტის რეპუტაციის მქონე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, იოანეა, რომელიც ბაგრატის ეზოში კუბიკზე იჯდა და ზაზა ლომინაძის წარდგენას ადევნებდა თვალს. თავად თქვა, რომ "ოცნების" ღონისძიებაზე დასწრება მისი "მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ პატივი მივაგო ხელისუფლებას." 

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ხშირ დასწრებას პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, მოწვევა ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებზე სასულიერო პირებს ისევე აქვთ, როგორც ექიმებს, პედაგოგებს და "ჩვენი საზოგადოების თავისუფალ წევრებს".

ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებზე მღვდელმთავრების დასწრებას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც გამოეხმაურა. ISFED აცხადებს, რომ "მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის".

კომენტარები