იტალია

იტალიაში ჩატარებულ საკონსტიტუციო რეფერენდუმში ცვლილებებს მხარი 70%-მა დაუჭირა

20-21 სექტემბერს იტალიაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი გაიმართა. რეფერენდუმში ამომრჩეველთა დაახლოებით 53%-მა მიიღო მონაწილეობა. დაახლოებით 70%-მა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

"ეს ისტორიული შედეგია. ჩვენ შეგვიძლია, კვლავ გვქონდეს ნორმალური პარლამენტი, ნაკლები პრივილეგიებით და 345-ით ნაკლები ადგილით". – თქვა მმართველი კოალიციის წევრმა, 5 ვარსკვლავის მოძრაობის ლიდერმა, ლუიჯი დი მაიომ.

ცვლილებები გულისხმობს იტალიის პარლამენტის ქვედა პალატაში წარმომადგენლების რაოდენობის შემცირებას 630-დან 400-მდე, სენატში კი 315-დან 200-მდე. გარდა ამისა, 5-მდე შემცირდება იმ სენატორების რაოდენობა, რომელთა უვადოდ დანიშვნასაც პრეზიდენტი შეძლებს რესპუბლიკისათვის გაწეული ღვაწლისათვის.

გარდა ამისა, 7 რეგიონში, კონკრეტულად კი ტოსკანაში, ლიგურიაში, კამპანიაში, ვალე-დ’აოსტაში, მარკეში, აპულიასა და ვენეტოში რეგიონული არჩევნები ჩატარდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი გამოკითხვებით ტოსკანაში მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის კანდიდატს ეუგენიო ჯანის ჩრდილოეთის ლიგის კანდიდატი, ევროპარლამენტარი სუზანა ჩეკარდი მხოლოდ 0.5%-ით ჩამორჩებოდა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ჯანი ჩეკარდის თითქმის 6%-ით უსწრებს.

კამპანიანიის რეგიონშიც გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ვინჩენცო დე ლუკამ მოიპოვა.

აპულიაშიც მოქმედი პრეზიდენტი, მიკელე ემილიანო იმარჯვებს მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებში იტალიის ძმების წევრი ევროპარლამენტარი, რაფაელე ფიტო უსწრებდა.

ლიგურიაში იმარჯვებს ბერლუსკონის პარტიის წარმომადგენელი, მოქმედი პრეზიდენტი ჯოვანი ტოტი.

დემოკრატიულმა პარტიამ დაკარგა მარკეს რეგიონი, სადაც გამარჯვება მემარჯვენე პარტიების საერთო კანდიდატმა, პარტია იტალიის ძმების წარმომადგენელმა ფრანჩესკო აკუაროლიმ მოიპოვა.

ჩრდილოეთის ლიგის წარმომადგენელმა მოქმედმა პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ვენეტოს რეგიონში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ძაიამ იმაზე მეტი ხმა აიღო, ვიდრე გამოკითხვებით ვარაუდობდნენ. ის 75%-ით იმარჯვებს.

არჩევნების შედეგებიდან ჩანს, რომ მატეო სალვინიმ ვერ მოახერხა ჩაშლილი კოალიციური მთავრობის შემდეგ პოპულარობის დაბრუნება და მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციისათვის ყველა რეგიონის წართმევა, რაც მან არჩევნების წინ საკუთარ მიზნად გამოაცხადა. გარდა ამისა, ნათელი გახდა, რომ მის პოპულარობას ლუკა ძაიას პოპულარობა აჭარბებს და პარტია ჩრდილოეთის ლიგის პრეზიდენტის პოსტზე მისი მნიშვნელოვანი კონკურენტია.

ვრცლად იტალიის საკონსტიტუციო რეფერენდუმისა და რეგიონული არჩევნების შესახებ შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

კომენტარები