საქართველოში, ბათუმში, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი, 67 წლის კაცი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით 22 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში - 2.
"ჰქონდა ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. ანამნეზიდან გაირკვა, რომ 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ქონდა ჰემორაგიული ინსულტი. იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. სამწუხაროდ, 21 სექტემბერს პაციენტი გარდაიცვალა." - ამბობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 913 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 1 574 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.