არჩევნები 2020

კეკენაძე: პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი პარტნიორი დააკვირდეს არჩევნებს

პოლიტიკური პარტია თავისუფალი დემოკრატები მიესალმება საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის (IRI) გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში ჩამოვიდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების გუნდი. თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის, თამარ კეკენაძის შეფასებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ჩვენი პარტნიორი დააკვირდეს არჩევნებს.

"მინდა, თავისუფალი დემოკრატების გუნდის სახელით გამოვხატო მადლიერება ჩვენი პარტნიორებისადმი, რომ მიუხედავად კოვიდ 19 გამოწვევისა, ისინი მზად არიან დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და ხელი შეუწყონ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

იმ რეალობაში, როდესაც ველოდებით რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაზრდას და არჩევნებში ჩარევას, ხოლო პარალელურად ხელისუფლების მხრიდან როგორც ადმინისტრაციული, ასევე მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებას, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ჩვენი პარტნიორი დააკვირდეს არჩევნებს და ჩვენს მოქალაქეებს გაუჩინოს რწმენა, რომ მათი არჩევანი იქნება დაცული". – ამბობს თამარ კეკენაძე.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოში არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიას გზავნის. გუნდი ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან შედგება, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. რაც შეეხება ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს, NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. გრძელვადიანი ანალიტიკოსები საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კომენტარები