კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: სოფელ დიღომში ახალი კლასტერი გაჩნდა, შეიკრიბნენ კლასელები, არაახალგაზრდები

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თბილისში, სოფელ დიღომში, კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა. გამყრელიძის თქმით, ვირუსი კლასელების შეკრებას უკავშირდება. 

„გვაქვს თბილისში კლასტერი, სოფელ დიღომში. ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები, შეიკრიბნენ, შესაბამისად, მოხდა ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, თვითონ ესენიც გამოკვლეულები არიან და სტაბილიზირებულია ვითარება ამ ეტაპზე". – ამბობს გამყრელიძე. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 913 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 1 574 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები