ნავალნის მოწამვლა

მაკრონი რუსეთს: ნავალნის საქმეს ნათელი უნდა მოეფინოს, წითელი ხაზების გადაკვეთას არ დავუშვებთ

ვლადიმერ პუტინი და ემანუელ მაკრონი
FT

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთს მოუწოდა, ნოვიჩოკით მოწამლული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმეს სწრაფად ნათელი მოჰფინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან მოსკოვი გააფრთხილა, რომ პარიზი არ დაუშვებს ქიმიურ იარაღებზე წითელი ხაზების გადაკვეთას. 

"ჩვენ არ მოვითმენთ ქიმიური იარაღების გამოყენებას ევროპაში, რუსეთში ან სირიაში. კოლექტიური უსაფრთხოების სახელით, მე განმეორებით მოვუწოდებ რუსეთს, სინათლე უნდა მოეფინოს პოლიტიკური ოპონენტის მკვლელობის მცდელობას ნერვული აგენტით, ნოვიჩოკით." – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დამაკმაყოფილებელ პასუხს არ დაუბრუნებს. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მაკრონმა თქვა, რომ რუსეთს მტრად არ მიიჩნევს - "ჩვენ ნათელი, ძლიერი და მომთხოვნი დიალოგი გვსურს რუსეთთან, არც გულუბრყვილო და არც თვითკმაყოფილი. რუსეთთან დიალოგზე არ წასვლას, ევროპა უფრო უსაფრთხო არ გაუხდია". მან ისიც თქვა, რომ "რუსეთი, გეოგრაფიულად, ევროპის ნაწილია". ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ "რუსეთის მომავალი სრულიად ევროპულია. ჩვენ გვჯერა ასეთი ევროპის, რომელიც ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე გაგრძელდება".

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 ივლისს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის, ფლორენს პარლის განცხადებით, 2019 წლიდან საფრანგეთის მცდელობას, რუსეთთან ახალი ურთიერთობა დაეწყო და მოსკოვი წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებთან დაებრუნებინა, შედეგი ჯერ კიდევ არ გამოუღია. 

რუსი ოპოზიციონერი ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა, დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

17 სექტემბერს ნავალნის გუნდში თქვეს, რომ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

რა არის ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი", რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები