არჩევნები 2020

ჯაფარიძე: არჩევნების მეორე ტური იქნება ჩემსა და ვოლსკის შორის, ანა დოლიძეს გამოვრიცხავ

გირჩი

"არჩევნების მეორე ტური იქნება და იქნება ჩემსა და გია ვოლსკის შორის. ჩემსა და ანა დოლიძეს შორის მეორე ტურს გამოვრიცხავ, ეს შეუძლებელია". – ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, Palitranews-ის ეთერში. 

მისივე თქმით, ანა დოლიძეს, რომელიც ასევე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს მაჟორიტარად, არც პარტია აქვს და ვერც პარლამენტში შევა.  

"ანა დოლიძეს არც პარტია აქვს. ცოტახნისწინ გამოჩენილი ადამიანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ახლა მაჟორიტარად დადგება დიდუბეში, პარლამენტში შევა და რა უნდა გააკეთოს თვითონაც არ იცის". – ამბობს ჯაფარიძე. 

ჯაფარიძის განმარტებით, განსხვავება მის პარტიასა და ანა დოლიძეს შორის ის არის, რომ მან ნამდვილად შექმნა პარტია და მათი ათეულობით ათასი მხარდამჭერის "დაკვეთა ქართულ პოლიტიკაში რაღაცნაირად აისახება. ანა დოლიძე კი, ჯაფარიძის თქმით, ხმების მოპოვებას პოპულისტურ თემებზე საუბრით ცდილობს. 

"მე რომ ახლა პოლიტიკიდან საერთოდ წავიდე, გირჩი არსებობას ჩვეულებრივად გააგრძელებს. ასევე, გირჩის ლიდერებიც რომ წავიდნენ, გირჩის რამდენიმე ათეული ათასი მხარდამჭერი იგივე იდეის მხარდამჭერად დარჩება და ქართულ პოლიტიკაში მათი დაკვეთა რაღაცნაირად აისახება. იმის თქმა მინდა, რომ მე საერთოდ სხვა წარსულით მოვდივარ, მართლა პოლიტიკას ვაკეთებ და მათ შორის, ჩემს მეგობრებთან ერთად პოლიტიკური პარტია მაქვს შექმნილი. 

ანა დოლიძეს ახლა რასაც ვუყურებ, პოპულისტურ, სტანდარტულ თემებს ეხება. ხმების მოპოვებას აპირებს იმით, რომ აზარტული თამაშები უნდა აიკრძალოს და ა.შ. იცის, რომ პრობლემატური თემაა, მოსახლეობას აწუხებს და უბრალოდ მაგ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, მეტი არაფერი. ჩემი აზრით, პოლიტიკა ეს არ არის. ამ არჩევნებში ანა დოლიძე ვერ გაიმარჯვებს ვერც დიდუბის ოლქში, მას არც პარტია აქვს, პარლამენტში ვერ შევა, გაქრება პოლიტიკური სივრციდან და დარჩება ისევ სამოქალაქო აქტივისტად". – ამბობს ჯაფარიძე. 

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა, მისი კონკურენტი ამავე ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი იქნება. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.

კომენტარები