ბელარუსი

ტიხანოვსკაია ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე: ინაუგურაცია ფარსია, ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა

სვეტლანა ტიხანოვსკაია
Reuters

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ეხმაურება. ვიდეოში ტიხანოვსკაიამ თავი ბელარუსი ხალხის ერთადერთ ლიდერად გამოაცხადა. ვიდეო Telegram არხმა, Пул Первой-მ გაავრცელა.

"ძვირფასო ბელარუსებო, დღეს ხალხისგან საიდუმლოდ ლუკაშენკომ სცადა ჩაეტარებინა საკუთარი ინაუგურაცია. ჩვენ ყველას გვესმის, რა ხდება. საკუთარი თავის ლეგიტიმურად გამოცხადების ამ მცდელობამ მხოლოდ იქამდე მიიყვანა, რომ არსებული უფლებამოსილებების ვადა დასრულდა, ხოლო ახალი მანდატი მას ხალხმა არ მისცა. ეს ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია, რა თქმა უნდა, ფარსია. სინამდვილეში ლუკაშენკო უბრალოდ პენსიაზე გავიდა.

ეს ნიშნავს, რომ მისი ბრძანებები ძალოვანი სტრუქტურებისთვის უკვე არალეგიტიმურია და არ ექვემდებარებიან აღსრულებას. მე, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ვარ ერთადერთი ლიდერი, რომელიც ბელარუსმა ხალხმა აირჩია. ახლა ჩვენი ამოცანაა ერთად ავაშენოთ ახალი ბელარუსი.

ორი დღის წინ დავასრულე ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი ევროპელ ლიდერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, გამოვედი ევროპარლამენტში და შევხვდი ბელარუსის დიასპორას.

ევროპის ქვეყნები მხარს უჭერენ ბელარუს ხალხს ძალადობის შეჩერების მოთხოვნაში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში. ისინი მზად არიან აღმოუჩინონ რეალური დახმარება ბელარუსს, არსებობს სერიოზული საინვესტიციო პაკეტები, რომლებიც გათვალისწინებულია ბელარუსისთვის დემოკრატიის გამარჯვების შემდეგ.

ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ". – ამბობს ვიდეომიმართვაში სვეტლანა ტიხანოვსკაია.

ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ ცნობენ გერმანია, სლოვაკეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

23 სექტემბერს, დილას მინსკში თავისუფლების სასახლეში გაიმართა ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია. ცერემონიის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ იყო. ინაუგურაციის ცერემონიას არ გადასცემდნენ სახელმწიფო არხები. ცერემონიის ტრანსლაცია ბელარუსის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

კომენტარები