ნაციონალური მოძრაობა

ბოკუჩავა: ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტს უცხადებს

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, პარტია უწყებათაშორის კომისიას ბოიკოტს უცხადებს. ბოკუჩავა ამბობს, რომ კომისია იმ დარღვევებზე რეალურად არ რეაგირებს.

"ჩვენც ბოიკოტს ვუცხადებთ უწყებათაშორის კომისიას, რომელიც თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით იყო მრავალი წლის მანძილზე და ახლა ფორმალურად ეს ხელმძღვანელობა მის მოადგილეს გადაეცა, თუმცა, ამით უწყების მთავარი პრობლემა არ შეიცვალა. ეს მდგომარეობს იმაში, რომ ის რეალურად არ იხილავს და არ რეაგირებს იმ უამრავ დარღვევაზე, რაც არჩევნებიდან არჩევნებამდე ხდება. 

ამიტომ, ჩვენ ამ ფორმატს გამოვუცხადეთ ბოიკოტი ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა. არასამთავრობო ორგანიზაციებმაც კი დატოვეს, რამდენადაც მახსოვს, წინა არჩევნებზე ეს ფორმატი, იმიტომ, რომ წულუკიანთან სალაპარაკო არავის არაფერი აქვს. წულუკიანი ივანიშვილთან ერთად ძალიან მალე ჩამოშორდება ძალაუფლებას და გვექნება ინსტიტუტები, რომლებიც ემსახურებიან კანონს და არა მათ ვიწრო პარტიულ ინტერესს" . – ამბობს თინა ბოკუჩავა. კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

უწყებათაშორისი კომისიის სხდომებს არც ევროპული საქართველოს წევრები დაესწრებიან. სერგი კაპანაძის თქმით, კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი პრობლემების მოგვარებით, რეალურად, არასდროს ყოფილა დაინტერესებული და "ჩვენ ამ ღვარძლიანი ადამიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ." 

კომენტარები