კორონავირუსი საქართველოში

112, ოჯახის ექიმი Online - როგორია Covid-ინფიცირებულის ბინაზე მოვლის მოდელი

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯერჯერობით, სტაციონარში საკმარისი ადგილებია იმისთვის, რომ ინფიცირებულებს ჰოსპიტლებში უმკურნალონ. თუმცა, მისი თქმით, ალტერნატივის სახით მზად არის სასტუმროები, სადაც ინფიცირებულებს ექიმები მეთვალყურეობენ და ბინაზე მოვლის მოდელი. გაბუნიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ეტაპობრივად მოუწევს ბინაზე მოვლის პრაქტიკის გაფართოება, რაც არის მიღებული და აპრობირებული ბევრ ქვეყანაში.

"ამას შედეგები ნამდვილად არ აქვს ცუდი და ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ეს გამოცდილება". –ამბობს მინისტრის მოადგილე.

თამარ გაბუნიას თქმით, ბათუმში არის 2, ხოლო ქვეყანაში 25 ონლაინ კლინიკა, რომელიც დაკავშირებულია 112-ის სამსახურთან. მისი ინფორმაციით, აჭარაში უკვე ასამდე პაციენტი მკურნალობს ბინაზე.

"112-სგან ოჯახის ექიმები იღებენ ინფორმაციას სიცხიან პაციენტებზე და უკვე ერთი კვირაა, იღებენ ინფორმაციას კოვიდ დადასტურებული პაციენტების შესახებ.

ოჯახის ექიმი რეკავს პაციენტთან ბინაზე, ატარებს მასთან სატელეფონო კონსულტაციას, არკვევს მის მდგომარეობას და გადასცემს უკან 112-ს თუ პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და მას სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, როგორც პრიორიტეტულ, რისკის მატარებელ ჯგუფს.

თუ ეს პაციენტი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც განსაზღვრულია ბინაზე მეთვალყურეობისთვის და მას სიმპტომები გამოხატული არ აქვს, ასეთ შემთხვევაში პაციენტი რჩება ბინაზე და ოჯახის ექიმი აგრძელებს სატელეფონო კონსულტაციას, სატელეფონო კონსულტაციის რეჟიმი არის იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს არააუცილებელი კონტაქტი სამედიცინო პერსონალთან და არ მოხდეს ინფექციის გავრცელება, რადგან ოჯახის ექიმს ბევრ სხვა პაციენტთანაც აქვს ურთიერთობა. თუმცა, საჭირო შემთხვევაში ოჯახის ექიმები, რა თქმა უნდა, ბინაზეც ივლიან თუ ამის აუცილებლობა იქნება, შესაბამისი ეკიპირებით" - ამბობს გაბუნია და აღნიშნავს, რომ ეს მოდელი ეტაპობრივად გაფართოვდება.

"25 ონლაინ ცენტრი გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 450-მდე ოჯახის ექიმი მუშაობს, თუ იქნება საჭირო, ჩაერთვებიან სხვა კლინიკებიც, სულ არის პირველადი ჯანდაცვის დაახლოებით 80-მდე კლინიკა ქალაქებში განთავსებული და 1000-მდე ამბულატორიული ცენტრი, რაც იქნება ასევე რესურსი". – თქვა მინისტრის მოადგილემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, გარდაიცვალა 2 ადამიანი. ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში გამოვლინდა, 34 - თბილისში.

კომენტარები