ლარის გაუფასურება

2 კვირაზე მეტია, ლარი დრამთან, მანათთან და რუბლთან ყოველ დღე უფასურდება

კოლაჟი ტაბულა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. მხოლოდ სექტემბრის თვეში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 22 თეთრით, ხოლო ევროსთან - 17 თეთრით გაუფასურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ კი, გაუფასურების მაჩვენებელი ევროსთან 78 თეთრია, დოლართან - 46.

საქართველოს ეროვნულ ვალუტას გაუფასურების ტენდენცია აქვს სხვა არაერთი ქვეყნის ვალუტასთანაც, მათ შორის, სომხურ დრამთან, აზერბაიჯანულ მანათთან და რუსულ რუბლთან.

კერძოდ, ბოლო 20 დღეა, ლარი სომხურ დრამთან ყოველდღიურად უფასურდება. 5 სექტემბერს 100 სომხური დრამი 6.3076 ლარი ღირდა, 25 სექტემბრის ვაჭრიობის შედეგად კი, მისი ოფიციალური ღირებულება - 6.7678 ლარია. ამ პერიოდის განმავლობაში ლარი სომხურ დრამთან არც ერთხელ არ გამყარებულა.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მანათს, მასთან მიმართებით, ლარი ბოლო 31 აგვისტოს შემდეგ ყოველდღე უფასურდება. მაშინ 1 აზერბაიჯანული მანათის ღირებულება 1.8069 იყო, 25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი, ეს მონაცემი 1.9365 ლარია.

ბოლო 2 კვირაა, ლარი ყოველდღიურად უფასურდება რუსულ რუბლთანაც, 8 სექტემბერს 100 რუსული რუბლის ოფიციალური ღირებულება 4.0497 ლარი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი 4.2718 ლარია.

ლარის გაუფასურების ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ მხრივ, რომ მხოლოდ ბოლო ორ კვირაში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 120 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 460 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

კომენტარები