აშშ - ირანი

აშშ ირანის ოფიციალურ პირებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციებს უწესებს

მაიკ პომპეო
The Hill

აშშ-მ ირანის რამდენიმე ოფიციალური პირი ადამიანის უფლებების დარღვევის სავარაუდო დარღვევისთვის შავ სიაში შეიყვანა. სანქციები გავრცელდა ერთ-ერთ მოსამართლეზეც, რომელიც სიკვდილმისჯილი ირანელი მოჭიდავის სასამართლო პროცესში მონაწილეობდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განცხადებაში თქვა, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა მოსამართლე სეიდ მაჰმუდ სადათს, მოსამართლე მოჰამად სოლტანის და რამდენიმე ირანულ ციხეს. 

აშშ-ს საგანგებო წარმომადგენელმა ირანსა და ვენესუეალაში ელიოტ აბრამსმა თქვა, რომ სანქციები ეხებოდა იმ მოსამართლეს, რომელმაც მოჭიდავე ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

"აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პასუხი აგებინოს მათ, ვინც ირანელ ხალხს თავისუფლებას და სამართლიანობას უზღუდავს. დღეს ამერიკის შეერთებული შტატები გამოაცხადებს სანქციებს ირანელი ოფიციალური პირებისთვის და ორგანიზაციებისთვის, მათ შორის იმ მოსამართლისთვის, რომელმაც ნავიდ აფკარის სიკვდილი მიუსაჯა" - თქვა ელიოტ აბრამსმა სენატში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მოსმენაზე.

ირანელი მოჭიდავე, ნავიდ აფკარი, 12 სექტემბერს სიკვდილით დასაჯეს. 27 წლის აფკარის სიკვდილით დასჯის ორი განაჩენი გამოუტანეს 2 წლის წინ ირანში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისა და ქალაქ შირაზში აქციის დროს დაცვის თანამშრომლის მოკვლის გამო. არსებობს მისი აღიარებითი ჩვენებაც, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ჩანაწერი ციხიდან, რომელშიც აფკარი ამბობს, რომ აწამეს. ოჯახის წევრები და აქტივისტები აფკარის სიტყვებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ იგი აწამეს, რათა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი ბრალეულობის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს.

აშშ-ს შავ სიაში ასევე მოხვდა ადელ აბადის და ვაკილაბადის ციხეები. ადელ აბადის ციხეში ნავიდ აფკარი იყო დაკავებული, ხოლო ვაკილაბადის ციხეში აშშ-ს მოქალაქე მაიკლ უაიტი.

მაიკ პომპეო ასევე გამოეხმაურა სამი ამერიკელის, ბაქირ და სიამაკ ნამაზების და მორად თაბაზის დაპატიმრებას. გენერალური მდივნის განცხადებით, ისინი უკანონოდ არიან დაკავებული და აშშ ყველაფერს გააკეთებს მათ სახლში დასაბრუნებლად.

რამდენიმე დღის წინ აშშ-მ ირანის თავდაცვის სამინისტროსა და ირანის ბირთვულ და იარაღის პროგრამაში ჩართულ სუბიექტებსაც დაუწესა ახალი სანქციები. სანქციების სამიზნეს წარმოადგენენ სუბიექტები, რომლებიც ირანთან იარაღით ვაჭრობენ. შესაბამისად, ეს მოიცავს ირანის თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებულ ძალებს, ირანის თავდაცვის ინდუსტრიის ორგანიზაციასა და მის ხელმძღვანელს. ამერიკულ კომპანიებს ირანთან მსგავსი ვაჭრობა უკვე აკრძალული აქვთ. ახალი სანქციები გავრცელდება უცხოურ კომპანიებზეც.

ირანისათვის ამ სანქციების დაწესების მიზეზი იარაღზე გაეროს მიერ დაწესებული ემბარგოსათვის ვადის გასვლა გახდა. აშშ-ს მისი გახანგრძლივება სურდა, თუმცა უშიშროების საბჭოში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამის შემდეგ აშშ-მ აამოქმედა ირანისათვის გაეროს მიერ დაწესებული თითქმის ყველა სანქციის დაბრუნების მექანიზმი. ამაში შედის ემბარგოს აღდგენაც.

აშშ-ს გადაწყვეტილებას არ იზიარებენ ირანის ბირთვული შეთანხმების წევრი სხვა ქვეყნები. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს მიერ სანქციების დაბრუნება არაკანონიერია.

მაიკ პომპეომ ირანისათვის სანქციების დაბრუნების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 20 აგვისტოს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარაღზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებაზე აშშ-ს ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

მექანიზმი, რომლიც აშშ-მ აამოქმედა, მოიცავს 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში ეტაპობრივად მოხსნილი სანქციების დაბრუნებას. მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ, ვინაიდან აშშ-მ შეთანხმება დატოვა, მას უფლება არ აქვს, სანქციების დაბრუნება მოითხოვოს.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუარესდა. ტრამპმა აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და მიზეზად დაასახელა, რომ ირანი შეთანხმების პირობებს არღვევდა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებდა. მას შემდეგ აშშ-მ ირანს არაერთი სანქცია დაუწესა.

კომენტარები