თურქეთი

თურქეთში 2014 წლის აქციასთან კავშირის ბრალდებით 82 ადამიანი დააკავეს

თურქეთში 2014 წელს გამართულ საპროტესტო აქციასთან კავშირის ბრალდებით 82 ადამიანი დააკავეს, მათ შორის პროქურთული ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრები.

2014 წლის ოქტომბერში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ეთნიკურად ქურთებით დასახლებულ რეგიონში მასშტაბური აქციები გაიმართა. მომიტინგეები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ საზღვრის გადაღმა ქურთებით დასახლებული ქალაქის, კობანის (იგივე აინ-ალ-არაბი) ალყისას თურქეთის არმიას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. აქციები დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაიღუპა 37 ადამიანი. შეტაკებები მოხდა როგორც მომიტინგეებსა და პოლიციას, ასევე ქურთებსა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერ რადიკალებს შორისაც. აქციები სხვა რეგიონებშიც გაიმართა, სულ 30-მდე ქალაქში, მათ შორის სტამბოლში.

ოფიციალური ანკარა აცხადებს, რომ აქციები ქურთისტანის მუშათა პარტიის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავთ შეყვანილი. სახალხო დემოკრატიულ პარტიაში ამას უარყოფენ.

თურქეთის პროკურატურის ინფორმაციით, აქციასთან კავშირის ბრალდებით პირები 7 პროვინციაში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ისინი აქციის დროს შეკრებილებს ტერორისტული აქტების ჩადენისკენ მოუწოდებდნენ.

სახალხო დემოკრატიული პარტიის დაკავებულ წევრებს შორის არიან ყარსის პროვინციის მერი აიჰან ბილგენი და ყოფილი პარლამენტარი სირრი სიურეია ონდერი.

კომენტარები