არჩევნები 2020

კალაძე: კვლევებით ჩანს, რომ "ოცნებას" გამარჯვების შანსი აქვს, ისე, რომ კოალიცია არ დასჭირდეს

თბილისის მერია

"მერწმუნეთ, არცერთი კვლევა არ არის, რომ ქართულ ოცნებას გაუჭირდეს არჩევნებში მოგება." - ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ არ არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც "ოცნებას" არჩევნების მოგება გაუჭირდება და კოალიცია დასჭირდება.

"ჩვენ თუ გადავხედავთ ყველა კვლევას, რომელსაც აქვეყნებს სხვადასხვა ტელევიზია, ორგანიზაცია, აშკარად ჩანს, რომ ქართული ოცნება დღეს საქართველოში არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად აქვს შანსი გამარჯვების, ისე, რომ არანაირი კოალიცია არ დასჭირდეს." - ამბობს კალაძე იმედთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ქართულ ოცნებას "რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა", რომ 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს. 

15 სექტემბერს გამოქვეყნებული Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, "ოცნებას" გამოკითხულთა 38% ასახელებს, ნაციონალურ მოძრაობას 15%, ევროპულ საქართველოს კი 6%. 

რაც შეეხება IRI-ს კვლევას, იმავე კითხვაზე "ოცნებას" 36% ასახელებს, ნაციონალურ მოძრაობას 15%, ევროპულ საქართველოს კი გამოკითხულთა 4%. 

NDI-ს კვლევის მიხედვით კი, რომელიც 14 სექტემბერს გამოქვეყნდა, კითხვაზე ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 59%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. 

"ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება." - წერია კვლევაში. 

Ipsos-ის მიერ გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა. ნაციონალურ მოძრაობას 15.5% ასახელებს, ევროპულ საქართველოს - 5%.

კომენტარები