სომხეთი - აზერბაიჯანი

ნოდია ყარაბაღის კონფლიქტზე: მოსალოდნელია, საერთაშორისო ზეწოლით კონფლიქტი მალე დასრულდეს

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არაიკ არუტიუნიანმაც.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაქოში, კომენდანტის საათი ამოქმედდება.

მსხვერპლის შესახებ საუბრობს ორივე მხარე. დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი.

ტაბულასთან საუბარში პოლიტოლოგი გია ნოდია რეგიონში მიმდინარე დაპირისპირებაზე, მოვლენების შესაძლო განვითარებასა და საქართველოსთვის მის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"მოსალოდნელია, რომ იქნება საერთაშორისო ჩარევა და სხვადასხვა მხრიდან ზეწოლა მხარეებზე, რათა შეწყდეს ეს პრაქტიკულად სრულმასშტაბიანი ომი. თუ გავითვალისწინებთ მდგომარეობის ანალოგიურ ესკალაციას, რამდენიმე წლის წინ, 2016 წელს, ომი მაშინ 4 დღე გაგრძელდა და შედარებით მალე მოხერხდა კონფლიქტის დეესკალაცია, შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ ახლაც ასე მოხდება. თუმცა გარანტია, ცხადია, არასდროს არის."

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება აღნიშნავს, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. საქართველო კი მზადაა ხელი შეუწყოს დეესკალაციასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

გია ნოდია აღნიშნავს, რომ თუ კონფლიქტი ხანმოკლე იქნება, ნაკლებ სავარაუდოა, მან რეგიონზე დიდი გავლენა მოახდინოს:

"თუ ეს კონფლიქტი, ოთხდღიანი ომის მსგავსად იქნება ხანმოკლე, მაშინ არ მგონია, მთლიანად რეგიონზე დიდი გავლენა მოახდინოს, 2016 წლის დაპირისპირებას არ ჰქონია სერიოზული გავლენა საქართველოზე. თუმცა თუ დაპირისპირება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზრდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება მთლიანად რეგიონისთვის ძალიან ცუდი, მათ შორის ეკონომიკურადაც. შეიძლება ნავთობსადენები ან გაზსადენები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, დადგეს რეალური საფრთხის წინაშე ან რაღაც მონაკვეთი საერთოდ განადგურდეს. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს არის ძალიან არასტაბილური რეგიონი. ასე, რომ გავლენა არ შეიძლება პოზიტიური იყოს."

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებაზე საუბრისას საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი დაპირისპირებაში საქართველოს როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის მოკავშირეებს მათთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა მხოლოდ საქართველოს გავლით შეეძლებათ, რაც, საეჭვოა, რომ საქართველომ დაუშვას.

გიო ნოდია, თვლის, რომ ამ კონფლიქტში საქართველო არის და უნდა იყოს ნეიტრალური და დაუშვებელია რომელიმე მხარის რაიმე სახის სამხედრო მხარდაჭერა:

"საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროის დაიწყო სიტყვიერი დისკუსიები და იმ დროიდან საქართველო ძალიან მკაცრად იცავს ნეიტრალიტეტს, ეს გამოიხატება ოფიციალურ განცხადებებში. პოლიტიკური განცხადებები უნდა იყოს მაქსიმალურად ნეიტრალური, რათა არ აღიქმებოდეს ერთი მხარის ღია მხარდაჭერად. ნებისმიერი სახის სამხედრო მხარდაჭერა უნდა იყოს გამორიცხული. პრაქტიკულად ეს ასე იყო, ოფიციალურად გამოცხადება შეიძლება. თუმცა, მგონია, ეს ისედაც ცხადია.

შექმნილი ვითარების, საფრთხეებისა და მოვლენების განვითარების სცენარების განსახილველად უშიშროების საბჭო, თუ რაიმე ფუნქცია აქვს სახელმწიფოში, ბუნებრივია, უნდა შეიკრიბოს."

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე მოვლენების განსახილველად ეროვნული უშიშროების საბჭო, ჯერჯერობით, არ შეკრებილა.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა 2016 წელსაც, რასაც სულ მცირე 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაპირისპირება 4 დღეს გაგრძელდა. მიმდინარე წლის ივლისში კი ტავუში - თოვუზის რეგიონში მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება. დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი. ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები