არჩევნები 2020

მთავარის ჟურნალისტი: 10 ადამიანი მირტყამდა, ადგილზე საზმაუ იყო, ყურადღება არ მომაქციეს

მთავარი არხი

"ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა". – ყვება მთავარი არხის ჟურნალისტი, ჯეიხუნ მუჰამედალი, რომელსაც დღეს, 29 სექტემბერს მარნეულში თავს დაესხნენ

ჟურნალისტის თქმით, ადგილზე, სადაც თავს დაესხნენ, ერთადერთი ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა. 

"ადგილზე პირველი არხი იყო, სამწუხაროდ, საერთოდ ყურადღებაც არ მომაქციეს. ნახევარ საათზე მეტი იქ ვეგდე და არავინ არ მოსულა, სხვა ტელევიზიები სამწუხაროდ". – ამბობს მუჰამედალი. 

როგორც ჟურნალისტი იხსენებს, მას შემდეგ, რაც ის პირდაპირ ეთერში ჩართვას მორჩა, ქართული ოცნების შტაბისკენ გადაინაცვლა, რათა ამირან გიორგაძისთვის ეკითხა, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ბრალდება, რომ ის მათ თავს დაესხა. 

"მივედი შტაბთან და კიბეებზე ასვლას ვაპირებდი, რომ მეკითხა, იქ იყო თუ არა ამირან გიორგაძე და ერთი ის მახსოვს, რომ ბრბო წამოიწია ჩემკენ, ათზე მეტი ადამიანი იყო და ყვირილი დამიწყეს, მეთქი, უკაცრავად, რატომ ყვირით, რა გინდათ-მეთქი და ოპერატორს დაარტყეს. ვუთხარი, ნუ ურტყამთ-მეთქი და ეგ მახსოვს, რომ უკვე ძირს დამაგდეს. მაგრამ ავდექი, მაგრამ ფეხზე ვერ ვიდექი და დაახლოებით 40 მეტრში პოლიციელებთან დავეცი უკვე. მერე, რასაც ხედავთ, ეგრეა". – ამბობს მუჰამედალი. 

მარნეულში დღეს მთელი დღეა ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობს. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, რა დროსაც ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. 

კომენტარები