არჩევნები 2020

ქართულმა ოცნებამ მარნეულის ინციდენტზე განცხადებაში ჟურნალისტებზე ძალადობა არ ახსენა

მთავარი არხის ჟურნალისტი
Mtavari.tv

ქართული ოცნება ეხმაურება მარნეულში განვითარებულ მოვლენებს და ძალადობაზე პასუხისმგებლობას სრულად ჰკიდებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

პარტიის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ დღისით მომხდარი ძალადობა არ იკმარა და ამჯერად საღამოს საათებში "ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი აქტივისტები" ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა დაიწყეს. მმართველი გუნდის ცნობით, ამის შემდეგ ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

"სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გასცდება, უმკაცრესად დაისჯება.

როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას, რასაც განსაკუთრებული დაფიქრება, მოთმინება და ანალიზი სჭირდება.

ყველას მოგიწოდებთ, რომ მათ ქმედებებს საკადრისი პასუხი გავცეთ არა ფიზიკური, არამედ მშვიდობიანი არჩევნების გზით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ძალადობრივი რეჟიმის პირობებში მშვიდობიანი გზით, არჩევნების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში და მტრულ ძალებს არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ". – წერს ქართული ოცნება. 

მარნეულში დღეს მთელი დღეა ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობს. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, რა დროსაც ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოგვიანებით თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღები ჯგუფის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო როგორც ენმ-ს წევრებზე თავდასხმის ფაქტზე, ისე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც.

კომენტარები