რას ნიშნავს ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტი საქართველოსთვის - ინტერვიუ ზურაბ ბატიაშვილთან

27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე. ტაბულა ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე რონდელის ფონდის მკვლევარს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.

ზურაბ ბატიაშვილი
GFSIS

ეს კონფლიქტი 2016 წლის შეიარაღებული დაპირისპირებისგან განსხვავდება. მაშინ შეტაკებები 4 დღეს გაგრძელდა და სულ მცირე 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამჯერად, სამხედრო მოქმედებები უფრო მასშტაბურია. ექსპერტების მოსაზრებით, აზერბაიჯანს სურს, დაიკავოს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე ქალაქი, მათ შორის მადაკერტი. რამ განაპირობა კონფლიქტის ამგვარ მასშტაბებში გადაზრდა ახლა?

ზოგადად, კონფლიქტს ერთი ფუძე და ისტორია აქვს, თუმცა სწორია, განსხვავდება 2016 წლისგან, თუნდაც იმით, რომ ტექნოლოგიები განვითარდა და მაგალითად, ახლა უფრო ინტენსიურად ხდება უპილოტო საფრენი აპარატების და დრონების გამოყენება, მათ შორის, არა მხოლოდ დაზვერვის მიზნით, არამედ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებშიც.

სამხედრო თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ გარკვეული გარდატეხა მოხდა. დღეს უკვე ავტომატებით არავინ იბრძვის და ჩვენთვისაც, საქართველოსთვისაც გასათვალისწინებელი იქნება, რომ მოდერნიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება ტექნოლოგიური თვალსაზრისით.

თუმცა, არის პოლიტიკური განზომილებაც, იმდენად, რამდენადაც იგივე 2016 წლის თუ კიდევ უფრო ძველი პერიოდის გეოპოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში და დღევანდელი განსხვავდება. დღეს უფრო მეტად არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული თურქეთი და რუსეთი, რომლებიც იგივე სირიაში, ლიბიაში, და ახლა უკვე ყარაბაღში, ოღონდ არაპირდაპირი გზით, ადგილზე საკუთარი მოკავშირეების საშუალებით, უპირისპირდებიან ერთმანეთს. თურქეთიც აღარ არის მეოცე საუკუნის 90-იანი წლების თურქეთი. მას მეტი ძალა და ამბიციები გააჩნია, არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მასშტაბითაც. ძალიან აქტიური არის ანკარა აფრიკის კონტინენტზე, ლიბიაში, სომალიში, სადაც საკუთარი სამხედრო ბაზები გააჩნია.

კონფლიქტის ისტორიაში პირველად სომხეთმა თურქეთი დაადანაშაულა კონფლიქტში პირდაპირ ჩარევაში და განაცხადა, რომ თურქულმა საბრძოლო თვითმფრინავმა მათი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო. თურქეთი და აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფენ. რას შეცვლის ეს კონფლიქტის მიმდინარეობაში?

აქ შესაძლოა, იყოს სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს რუსეთის მხრიდან სომხეთის დაცვა. მოგეხსენებათ, ყარაბაღი არაღიარებული სახელმწიფოა და მისი დაცვის ვალდებულება იურიდიულად არ აქვს არავის აღებული, ხოლო სომხეთი არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა და მისი დაცვის ვალდებულება აქვს აღებული რუსეთს. შესაძლოა, ეს იყოს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ მუხლის ამუშავება, შესაბამისად, კონფლიქტის უფრო ინტერნაციონალიზაცია და უფრო მეტად ამუშავდეს ეს მუხლი სომხეთის დაცვის თვალსაზრისით.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის პრეს-მდივანმა ბლადიმირ ზაინეთდინოვმა თქვა, რომ სომხეთს მათთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს. თუმცა, მისი ამ განცხადების შემდეგ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ თავდასხმა ხდება ყარაბაღის რეგიონის გარეთ მდებარე სომხურ ქალაქებზეც. საუბარია ქალაქ ვარდენისზე თავდასხმაზე. მათ, ასევე, განაცხადეს, რომ აზერბაიჯანი უპილოტო დრონით დაესხა თავს სამოქალაქო ავტობუსს. თავის მხრივ, აზერბაიჯანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თავდასხმა ხდება ქალაქ დაშქესანზე. შესაძლოა, თუ არა ამჯერად სომხეთმა ოფიციალურად მიმართოს დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრებს?

რა თქმა უნდა, ესეც ამასთან შეიძლება კავშირში იყოს. ძალიან ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები მოდის სხვადასხვა მხარისგან და ძნელდება რეალობის დადგენა იმიტომ, რომ სიმართლე, როგორც წესი სადღაც შუაშია ხოლმე. ამ დადანაშაულებასთან დაკავშირებით, ერთი მხარე აცხადებს, რომ იმ ავტობუსს გადაჰყავდა მოხალისეები, რომლებიც ყარაბაღში მიემგზავრებოდნენ საბრძოლველად. მეორე მხარე აცხადებს, რომ სამოქალაქო მოსახლეობა დაიხოცა ამ თავდასხმის შედეგად. თუმცა, რეალობის დადგენა ძნელია, იმიტომ, რომ ადგილზე არავითარი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ არსებობს და შესაბამისად, რეალურად კონკრეტულად როდის რა მოხდა ამის დადგენა ცოტა ძნელი არის ხოლმე მსგავს კონფლიქტებში, სადაც იძულებული ვართ მხოლოდ დავეყრდნოთ ადგილობრივი ორი მხარის მონაცემებს და იქიდან მიდის მსჯელობა - რა შეიძლება იყოს სწორი და რა შეიძლება იყოს გაბუქებული და შეცვლილი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯავახეთში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საქართველო-თურქეთის საერთაშორისო გზის გადაკეტვა სცადეს. რას შეიძლება ნიშნავდეს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ამგვარი განვითარება საქართველოსთვის?

ზოგადად, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებას აქვს საქართველოსთვის რამდენიმე მიმართულებით საფრთხეები და გამოწვევები. პირველი ეს არის პოლიტიკური განზომილება. რაც უფრო დროში გაიწელება ეს კონფლიქტი, საქართველოს უფრო გაუჭირდება ამ ნეიტრალიტეტის სტატუსის შენარჩუნება. იგივე, რაც თქვენ ახსენეთ, რომ სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები ცდილობენ შეღწევას და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. ეს და მსგავსი საკითხები მომავალში კიდევ უფრო გამრავლდება, თუ დროულად არ იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული.

ამავე დროს, ეს არის შიგნით დაძაბულობის წარმოშობის საფრთხე იმიტომ, რომ საქართველოში არა მხოლოდ სომხური წარმოშობის, არამედ აზერბაიჯანული წარმოშობის ათეულ ათასობით მოქალაქეც ცხოვრობს და შეიძლება მეორე მხარესაც ჰქონდეს ასეთივე ან მსგავსი განწყობები. ამ შემთხვევაში, მთავარია არ მოხდეს შიგნით, ჩვენს ქვეყანაში დაძაბულობის წარმოშობა და ამის გამორიცხვაც არ შეიძლება, თუ იქ არ მოხერხდა ცეცხლის შეწყვეტა.

მეორე არის სამხედრო განზომილება. თუ რუსეთმა გადაწყვიტა სამხედრო თვალსაზრისით სომხეთის დახმარება, მაშინ შეიძლება, მოითხოვოს სახმელეთო კორიდორის დათმობა საქართველოსგან, რათა სამხედრო თვალსაზრისით დაეხმაროს სომხეთს და ეს კიდევ დიდ გამოწვევას და საფრთხეს წარმოქმნის საქართველოსთვის.

მესამე არის ეკონომიკური განზომილება, იმიტომ, რომ ორივე ქვეყანა ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და თუ ისინი გრძელვადიან ომში იქნებიან ჩართული, რა თქმა უნდა, ვაჭრობაც შეფერხდება მათთან. ასევე, ინვესტორები არიან ხოლმე ძალიან ხშირად აზერბაიჯანული თუ თურქული კომპანიები და თუ ეს ქვეყნები ომში იქნებიან ჩართული, მაშინ, რა თქმა უნდა, საქართველოში ინვესტიციებზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება.

ასევე, როდესაც საზღვარი გაიხსნება, სავარაუდოდ ამ ქვეყნებიდან მომავალი ტურისტების რაოდენობა შემცირდება, იმიტომ, რომ როდესაც ომი მიმდინარეობს, ტურიზმისთვის და უცხოეთში წასვლისთვის არავის არ ეცლება.

ამას აქვს ჰუმანიტარული განზომილებაც. თუ დროში გაიწელა ეს ყველაფერი, შეიძლება, მივიღოთ ლტოლვილთა ახალი ტალღები და ამ ტალღებიდან შეიძლება ნაწილი საქართველოსკენაც წამოვიდეს.

ასე რომ, ამ კონფლიქტის დროში გაწელვას საქართველოსთვის ბევრი არასასურველი განზომილება შეიძლება მოჰყვეს.

რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ?

პირველ რიგში, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს გათვლილი, რას აკეთებს რა შემთხვევაში. საქართველოსაც სჭირდება უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა, რომ განიხილონ რა ხდება ჩვენს გარშემო და ჩვენ რას ვაპირებთ. უკეთესია, თუ ეს წინასწარ იქნება განსაზღვრული. ყველა ქვეყანას აქვს ეგრეთ წოდებული საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, მათ შორის საქართველოსაც ჰქონდა 2015-2018 წლებში, რომელსაც ვადა გაუვიდა. იქ დეტალურად არის ხოლმე გაწერილი არა მხოლოდ ის საფრთხეები და გამოწვევები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ქვეყანას, მაგალითად, ისეთი საფრთხეები, როგორიც ყარაბაღის კონფლიქტია, არამედ გაწერილი არის მისი გააქტიურების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა, თუ კონკრეტულად რომელი უწყება რას აკეთებს ამა თუ იმ კრიზისული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში. ეს ყველაფერი ნებისმიერ დალაგებულ სახელმწიფოს წინასწარ აქვს ხოლმე განსაზღვრული და შესაბამისად, შემდეგ ამ გეგმის განხორციელებას იწყებს და არა იმაზე ფიქრს, ახლა რა გავაკეთო და როგორ მოვიქცე. საჭირო არის ასეთი გეგმის ქონა.

კომენტარები