აშშ-რუსეთი

რუსეთის საპატრიარქო: მსოფლიო პატრიარქი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნებას გამოხატავს

30 სექტემბერს, მოსკოვის საპატირარქოს ოფიციალურმა სპიკერმა, ვლადიმირ ლეგოიდამ განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს თავისი პოლიტიკის გასატარებლად იყენებს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"ამერიკული დიპლომატია მარტივად მისახვედრია: ომისშემდგომ პერიოდში ფანარი [კონსტანტინოპოლის საპატრიარქო] საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. იგი აპირებს, ებრძოლოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის გავლენას, რომლებიც არ არიან მზად, კონსტანტინოპოლის პატრიარქის პირით გამოთქმული სახელმწიფო დეპარტამენტის ნება აღასრულონ". - წერს ლეგოიდა.

მან ამის მაგალითად უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მოიხმო, "როდესაც შეერთებულმა შტატებმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ერთად შექმნა კვაზირელიგიური სტრუქტურა თავისი "კეთილი განზრახვის მქონე" პოლიტიკური გავლენის განსახორციელებლად, რამაც ტანჯვა მოუტანა ათასობით მორწმუნე უკრაინელს".

29 სექტემბერს საბერძნეთში ვიზიტისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც საბერძნეთთან თანამშრომლობაზე და რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობებზე ისაუბრა.

"უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რუსეთი აგრძელებს რეგიონის დესტაბილიზაციას, განსაკუთრებით ლიბიაში. აშშ გამოდის ყველა უცხოური სამხედრო ძალის ლიბიიდან გასვლის მოწოდებით და მხარს უჭერს სამხედრო დეესკალაციას და ლიბიაში შერიგებას. მე და პრემიერმინისტრი შევთანხმით, რომ შევისწავლით უფრო ახლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რათა დავძლიოთ რუსეთის მიერ მავნებლური ქმედებებით შექმნილი ისეთი საფრთხეები, როგორიცაა დეზინფორმაციის გავრცელება პანდემიის შესახებ და მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა". - თქვა პომპეომ.

კომენტარები