ვენესუელა-ირანი

ვენესუელაში საწვავით დატვირთული მესამე ირანული ტანკერი ჩავიდა

Reuters

ვენესუელაში საწვავით დატვირთული კიდევ ერთი ირანული ტანკერი ჩავიდა. გასული კვირის შემდეგ ეს მესამე ტანკერია, რომელმაც ქვეყანაში 820 000 ბარელი საწვავი ჩაიტანა. ინფორმაციას, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, Reuters ავრცელებს.

ნიკოლას მადურო პირობას დებს, რომ მოსახლეობისთვის საწვავის მიწოდება უახლოეს მომავალში დარეგულირდება, თუმცა ამ დროისთვის ნავთობით მდიდარ ქვეყანაში კვლავ საწვავის მწვავე კრიზისია. ასევე, შეფერხებით მიეწოდება მოსახლეობას ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი, რამაც უკანასკნელ კვირებში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petroleos-ის, რომელიც წარსულში დღეში 1.3 მილიონ ბარელს ნავთობს აწარმოებდა, მუშაობა თითქმის სრულად არის შეჩერებული. მუშაობს მხოლოდ ორი ნავთობგადამამუშავებელი ობიექტი, რომელიც გასული კვირის განმავლობაში დღეში 50 000 ბარელ საწვავს აწარმოებს.

კრიზისის პასუხად, მადურომ შემოიღო გეგმა, რომლის მიხედვითაც მძღოლებისათვის საწვავის გადანაწილება მათი ტრანსპორტის სანომრე ნიშნების მიხედვით მოხდება. გეგმა ძალაში დღეიდან შევა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ირანი ვენესუელას საწვავით ეხმარება. მიმდინარე წლის მაისში გაგზავნეს საწვავით დატვირთული 5 ტანკერი.

ვენესუელა ნავთობის მარაგის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, თუმცა, აშშ-ის სანქციებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, ნავთობის მოპოვება თითქმის სრულად არის შეჩერებული და ქვეყანაში საწვავის დეფიციტია. ოპოზიცია ამაში მთავრობას ადანაშაულებს. მათი თქმით, მადუროს რეჟიმის კორუფციამ და ცუდმა მენეჯმენტმა ქვეყანა იმ დონემდე მიიყვანა, რომ მათ ნავთობის სხვებისგან ყიდვა უწევთ.

ირანთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ემბარგოს დარღვევის გამო, გასულ თვეს აშშ-მ მადუროს დამატებითი სანქციები დაუწესა.

კომენტარები