თავისუფალი დემოკრატები

კეკენაძე მთავრობას: უზრუნველყავით ჟენევის ფორმატის შეუფერხებელი ფუნქციონირება

თამარ კეკენაძე
თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატების ახალი თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე რუსეთის მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ფაქტი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. 

თამარ კეკენაძის შეფასებით, რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა საერთაშორისო მექანიზმის კიდევ უფრო გააქტიურება და საქართველოს პარტნიორების ყოველდღიური პროაქტიული ინფორმირება. 

"ამ რეალობაში ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს რუსეთის მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩაშლა, კოვიდ-სიტუაციის მომიზეზებით. უფრო მეტიც, აფხაზეთში ეპიდმდგომარეობის გაუარესებამ ოკუპაციის პირობებში ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან ბევრი კრიტიკული გამოწვევის წინაშე დააყენა". – ამბობს თამარ კეკენაძე. 

თავისუფალი დემოკრატები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, ყველა მექანიზმის გამოყენებით და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვით "უზრუნველყოს ჟენევის ფორმატის შეუფერხებელი ფუნქციონირება". 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩატარება მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა, რუსეთმა მოლაპარაკებები ჩაშალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. 

კომენტარები