დავითგარეჯის საქმე

სამადაშვილი დავით-გარეჯზე: ბიძინა ივანიშვილის სამიზნე წინა ხელისუფლება და სააკაშვილია

ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილისა და წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება. სამადაშვილის შეფასებით, ისინი "არიან მძევლად აყვანილი" და, მისივე სიტყვებით, ბიძინა ივანიშვილის სამიზნე წინა ხელისუფლება და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

"დიპლომატიურ ურთიერთობებს თუ რამე უყვარს, ეს არის დახურულობა, დახურულ კარს მიღმა საუბარი. თუ გნებავთ, რომ რამეზე შეთანხმებას მიაღწიოთ, საჯაროობა ხშირად მთავარი მტერია. ჩვენ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში, როდესაც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ამოწია ეს თემა და გადააქცია წინასაარჩევნო თემად ოპონენტის წინააღმდეგ.  

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის სამიზნე არის წინა ხელისუფლება, არის მიხეილ სააკაშვილი და ეს ხალხი არიან მძევლად აყვანილი. მე ასე ვუყურებ ამას, მძევლად აყვანილ უდანაშაულო ადამიანებს პოლიტიკურ ოპონენტებთან გასწორების მიზნით. მაგრამ, აქ კიდევ დიდი ინტერესი ზიანდება ჩვენი - ერთი ეს არის სახელმწიფო ინტერესი აზერბაიჯანთან ამ საზღვარზე შეთანხმების და მეორე არის ახალი განხეთქილების კერის შექმნა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, იმ ვითარებაში, როდესაც ომი მიმდინარეობს, ფაქტობრივად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის". – ამბობს სამადაშვილი მთავარის ეთერში.  

ილიჩოვა და მელაშვილი დღეს, 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

კომენტარები