დავითგარეჯის საქმე

რა ვიცით პირზე, ვინც ამბობს, რომ დავით-გარეჯის რუკები სახელმწიფოს გადასცა

ლევან ვასაძე / დავით ხიდაშელი / ოლეგ მუბარაშკინი

დღეს, 7 ოქტომბერს დააკავეს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა. 

პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". საუბარია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ხსენებული რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

2 ოქტომბერს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია სწორედ დავით-გარეჯის რუკების შესახებ. პირველი არხის მიხედვით, მათ ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა დაუდასტურა, რომ რუკების დედნები, რომლის საფუძველზეც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს მან გადასცა.

დავით ხიდაშელი ყურადღების ცენტრში მიმდინარე წლის აპრილშიც მოექცა, როდესაც გაირკვა, რომ მან საქველმოქმედო ფონდ StopCov-ში შემოწირულობების სახით 1.2 მილიონი ლარი ჩარიცხა.

ამჟამად ხიდაშელი ბერძნული სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიის, INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტია.

მათ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, 1988-1993 წლებში ხიდაშელი რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ბულგარეთის კომპიუტერული ტექნოლოგიების კომპანიის, Pravetz Corporation-ის წარმომადგენლობითი ოფისების აღმასრულებელი დირექტორი იყო, 1993 წლიდან 1998 წლამდე შვეიცარიაში საერთაშორისო გზებისა და ტრანსპორტის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის თავმჯდომარის პორტს იკავებდა, 1998-99 წლებში იყო დსთ-ს ქვეყნებში ფრანგული Castel Group-ის წარმომადგენელი.

2004-2009 წლებში ის მოსკოვში იუნესკოს მსოფლიო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა, 2007 წელს კი შეუერთდა ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე მსხვილ რუსულ საინვესტიციო კორპორაციას Sistema JSFC-ს, სადაც აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა, ასევე იყო ინოვაციების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად Sistema-ს აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებს ვლადიმირ ჩირახოვი, რომელსაც დამთავრებული აქვს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) აკადემია.

რუსეთს უკავშირებს ხსენებულ რუკებს ტელეკომპანია "ფორმულა". გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადეს, რომ მათ ინფორმირებულმა, კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუკები რომლებიც თავდაცვის სამინისტრომ პროკურატურას მიაწოდა, რის საფუძველზეც, მოგვიანებით, კომისიის წევრები დააკავეს, რუსეთიდან მოიპოვა. რუკების წყაროდ თარგამაძე დავით ხიდაშელს ასახელებს, რაც მან პირველ არხს რამდენიმე დღით ადრე დაუდასტურა. "ფორმულას" წყაროს ინფორმაციით კი, თავად ხიდაშელმა ეს რუკები რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა, რომელიც Sistema-ს იურიდიული დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, მოგვიანებით კი კომპანიის ერთ-ერთი მმართველი პარტნიორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს Sistema-ს მეწილეთა ყოველწლიური შეხვედრის დოკუმენტის მიხედვით, დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა კომპანიის მენეჯერთა საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელშიც ლევან ვასაძეც შედიოდა. მის პოზიციად ინვესტიციების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი არის მითითებული.

ლევან ვასაძე ახლო კავშირშია საქართველოს საპატრიარქოს ამჟამინდელ ოფიციოზთან - მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მისი ახლო მეგობარი, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი აშენებული და მისივე სკოლასთან მდებარე ტაძრის წინამძღვარია. საქართველოს საპატრიარქომ გარეჯთან დაკავშირებული განცხადებები ხელახლა, მას შემდეგ გაამკვეთრა, რაც კათალიკოზის ადმინისტრაციის სათავეში ხსენებული პირები მოვიდნენ. საპატრიარქომ დაკავებულთა ქმედებას დღეს კიდევ ერთხელ უწოდა მოღალატეობრივი. მათივე განცხადებით, "ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება".

კომენტარები