დავითგარეჯის საქმე

გია აბაშიძის თქმით, დანიაში საქართველოს ელჩი თანამდებობას "უნდა დაემშვიდობოს"

გია აბაშიძე
Facebook/ Ghia Abashidze

ქართული ოცნების სპიკერი და სამთავრობო ტელეკომპანია იმედზე გადაცემის წამყვანი, გია აბაშიძე Facebook-ზე წერს, რომ დანიაში საქართველოს ელჩმა თანამდებობა უნდა დატოვოს. 

მმართველი გუნდის ექსპერტის პოსტი გიგი გიგიაძის განცხადებას მოჰყვა, რომლითაც მან საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილ უფროსს დაკავების გამო მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"არცერთი ქვეყნის ელჩი მისი სამშობლოს და არც სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების სამართალდამცავი, საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობას საჯაროდ ეჭვქვეშ არ აყენებს! თუ აყენებს, მაშინ ემშვიდობება თანამდებობას! 2X2=4!" – დაწერა გია აბაშიძემ. 

დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ Facebook-ზე ივერი მელაშვილს მხარდაჭერა 7 ოქტომბერს, დაკავების შემდეგ გამოუცხადა. გიგიაძის შეფასებით, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსისთვის წარდგენილი ბრალდება "აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია".

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. [...] იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება". – დაწერა გიგიაძემ. 

7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარება და არ ასახავს საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

იმავე საღამოს გენერალურ პროკურატურასთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ასევე წაიკითხეთ: - რა ვიცით პირზე, ვინც ამბობს, რომ დავითგარეჯის რუკები სახელმწიფოს გადასცა

კომენტარები