აშშ-ირანი

აშშ-მ ირანის 18 მსხვილ ბანკს სანქციები დაუწესა

სტივენ მნუჩინი
Vanity

აშშ-მ ირანის 18 მნიშვნელოვან ბანკს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. 

"დღევანდელი ქმედება ფინანსური სექტორის იდენტიფიცირებით და 18 მსხვილი ირანული ბანკისთვის სანქციების დაწესებით ასახავს ჩვენს ვალდებულებას, შევაჩეროთ ამერიკულ დოლარებზე უკანონო წვდომა". - ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ს სახაზინო მდივნის, სტივენ მნუჩინის თქმით, სანქციების პროგრამა გაგრძელდება მანამდე, სანამ ირანი არ შეწყვეტს ტერორისტული ქმედებების მხარდაჭერას და არ დაასრულებს მის ბირთვულ პროგრამებს. 

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუარესდა. ტრამპმა აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გაიყვანა და მიზეზად დაასახელა, რომ ირანი შეთანხმების პირობებს არღვევდა და ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას აგრძელებდა. მას შემდეგ აშშ-მ ირანს არაერთი სანქცია დაუწესა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ირანისათვის სანქციების დაბრუნების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 20 აგვისტოს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარაღზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებაზე აშშ-ს ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

მექანიზმი, რომლიც აშშ-მ აამოქმედა, მოიცავს 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში ეტაპობრივად მოხსნილი სანქციების დაბრუნებას. მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ, ვინაიდან აშშ-მ შეთანხმება დატოვა, მას უფლება არ აქვს, სანქციების დაბრუნება მოითხოვოს.

აშშ-მ ირანისათვის გაეროს მიერ დაწესებული სანქციების დაბრუნება ცალმხრივად გამოაცხადა. ოფიციალური ვაშინგტონი იმუქრება, რომ დასჯის ყველას, ვინც ამ სანქციებს დაარღვევს.

კომენტარები