დავით-გარეჯის საქმე

საბანაძე დანიაში საქართველოს ელჩზე: კომენტარს ვერ გავაკეთებ, არაკორექტულია

ნატალია საბანაძე
mfa.gov.ge

ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე ტაბულას კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს დანიაში საქართველოს ელჩს გიგი გიგიაძეს, თუ მას ელჩის სტატუსს ჩამოართმევენ, არ პასუხობს, რადგან თვლის, რომ "კოლეგის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არაკორექტულია". 

გიგიაძემ ივერი მელაშვილის დაკავების შემდეგ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ მელაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება "აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რასაც მმართველი გუნდის კრიტიკა მოჰყვა

"სიმართლე გითხრათ, ჩემი კოლეგის განცხადებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არაკორექტულია ეს ამბავი". - თქვა საბანაძემ. 

7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

იმავე საღამოს გენერალურ პროკურატურასთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ოპოზიცია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას წინასაარჩევნოდ მოგონილ აბსურდულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლებაა.

კომენტარები