დავითგარეჯის საქმე

პარლამენტთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა მოძრაობა სირცხვილიასა და რუსეთი ოკუპანტიას ორგანიზებით დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია – "შეწყდეს კარტოგრაფების საქმე!".

აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნა იყო დაკავებულების გათავისუფლება.

აქციაზე იმყოფებოდნენ ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერი მოქალაქეები.

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა მელაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა​.

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
 

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები