საგარეო: საქართველოს გავლით აზერბაიჯანისა და სომხეთისკენ სამხედრო ტრანზიტი არ ხორციელდება

ლაშა დარსალია
Reginfo

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას, თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის ან სომხეთის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით სამოქალაქო ფრენების მეშვეობით განხორციელდება, ამ დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, საქართველო შესაბამის რეაგირებას მოახდენს და დამრღვევებს პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოეთხოვებათ:

"მოგეხსენებათ, ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი, სახმელეთო და საჰაერო გზით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით. ამიტომ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში, მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა და სრულად შეესაბამება იკაოს სტანდარტებს. საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის კომერციული ტვირთების გატარების მხრივ.

აღნიშნული ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იკაოს რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში. მიუხედავად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, რომ თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით. კონკრეტული გადამზიდავის და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის, იკაოს წინაშე".

3 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით.

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება დროებითია. მან ასევე თქვა, რომ ის ძალაში ჯერ არ შესულა, რადგან შესაბამისი პირობები არ არსებობს.

მოსკოვში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება.

კომენტარები