დავითგარეჯის საქმე

მშვენიერაძე: 1:200 000 მასშტაბის რუკის საკითხი 2014 წელს ღარიბაშვილთანაც განიხილეს

0 კომენტარი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის უფლებადამცველის, გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, 1:200 000 მასშტაბის რუკის საკითხი, რომლის არგამოყენებასაც დაკავებულებს ედავებიან, 2014 წელს სამთავრობო დონეზე განიხილეს. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მშვენიერაძემ TV ფორმულას ეთერში თქვა, რომ 2014 წელს შეხვედრა მაშინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გაიმართა.

"შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც, როგორც ჩემთვის ცნობილია, ირაკლი ალასანია, ბატონი ხორბალაძე, ბატონი ივერიც... ისევ იქნა წარდგენილი ეს არგუმენტები, რატომ არის გამოუსადეგარი 1:200 000 მასშტაბის რუკები და რატომ არ გამოგვადგება არგუმენტად. განხილვის შემდეგ დაისვა საკითხი, რომ ამ რუკების ყველა ვერსია უნდა გვქონდეს. ეს დაავალა ჯანელიძეს ღარიბაშვილმა, მან დაავალა საკუთარ თანამშრომელს, სვანაძეს, რომელმაც ერთ თვეში დაურეკა თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელ წარმომადგენელს ბატონ ხორბალაძეს და უთხრა, რომ რუკა მოიპოვა, ერთი ეგზემპლარი. როცა ჰკითხეს, საიდან მოიპოვა, თქვა, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, შსს-ში მისცეს ეს რუკა". – თქვა მშვენიერაძემ და აღნიშნა, რომ ეს დაკავებული ნატალია ილიჩოვას მაშინდელი სამსახურია. 

იურისტი განმარტავს, რომ კარტოგრაფიული მასალა, რომლის დამალვასაც პროკურატურა ნატალია ილიჩოვას ედავება, დაკავებულს 2019 წლის მაისიდან აღარ ჰქონია. სწორედ წლინახევრის წინ დატოვა ილიჩოვამ კომისიის წევრის თანამდებობა.

"დადასტურებულია ჩვენებებით, რომ ეს მასალები ირმა გაბუნიას გადასცა ილიჩოვამ, რადგან გაბუნია გახდა კომისიის ახალი წევრი. როდესაც ილიჩოვა დაკითხეს, მან თქვა, რომ მასალები იქნება ირმა გაბუნიას ოთახში, მას ექნება, მას აქვს, და როცა ჩხრეკაზე მივიდნენ, ეს ამოიღეს". – ამბობს მშვენიერაძე და აღნიშნა, რომ "დამალვა არის მითი, რომელიც შეთხზეს და გამოიგონეს".

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილსა და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები