ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19 აჭარაში: 24 საათში დადასტურდა 286 შემთხვევა, გარდაიცვალა 2 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 154

0 კომენტარი

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 286 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 154. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

მათივე ცნობით, გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი 87 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მას ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნებოდა. მეორე 65 წლის კაცია, რომელსაც ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი და ლიმოციტური ლეიკემია აღენიშნებოდა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მკურნალობას კლინიკებში გადის 548 პაციენტი – მათგან 13 არასრულწლოვანია, 28 ორსული. რეანიმაციაში 53 ინფიცირებულია მოთავსებული. COVID-სასტუმროებში 765 ადამიანია, მათგან 53 არასრულწლოვანია. ბინაზე 1000-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 63 საწოლი ამ დროისთვის თავისუფალია. 

15 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 208 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

ჯამში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები