თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თსსუ-ს პროფესორი სტუდენტებს: პროტესტი არაფერს შეცვლის და თქვენივე საზიანოდ მოგიბრუნდებათ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა თ.ჩ.-მ ფარმაციის ფაკულტეტს უნივერსიტეტში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით მისწერა.

თ. ჩ.-ს თქმით, 19 ოქტომბერს სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა არადისტანციურად განახლდება და ყველა არასალექციო, ლაბორატორიულ  და პრაქტიკულ მეცადინეობაზე დასწრება სავალდებულო იქნება. სალექციო მეცადინეობები კი დისტანციურად ჩატარდება. პროფესორი სტუდენტებს მოუწოდებს, არ გააცდინონ მეცადინეობები. ის აღნიშნავს, რომ სტუდენტების პროტესტი აუდიტორიებში სწავლის განახლების შესახებ მათვე საზიანოდ შემობუნდება.

"თქვენი პროტესტი არაფერს შეცვლის და თქვენივე საზიანოდ მოგიბრუნდებათ" - წერს პროფესორი.

ელექტორნული წერილის შინაარსი Facebook-ზე გავრცელდა. ტაბულამ წერილის ნამდვილობა სტუდენტებთან გადაამოწმა. ტაბულას ინფორმაციით თ. ჩ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელია.

პროფესორმა ასევე აღნიშნა, რომ მათ, ვინც მუშაობს და თვლის, რომ სწავლა მუშაობაში ხელს შეუშლის, არჩევანი უნდა გააკეთონ ნაკლებ ხელფასსა და სტუდენტის სტატუსის შეჩერებას შორის.

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს მთავრობას წერილით მიმართეს. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ფონზე აუდიტორიებში სწავლის განახლება დაუშვებელია.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების ყველაზე მეტი – 471 შემთხვევა სწორედ თბილისში გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 233 და გარდაიცვალა 9 პაციენტი.

სულ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 17 477 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 137 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები