თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით ნოემბრიდან ფრენა კვირაში სამჯერ შესრულდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განრიგში Air Baltic-ის რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს არის დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს თვეში, როცა საქართველოში დღიურად კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ვლინდებოდა, მთავრობას ავიაკომპანია Air Baltic-თან ფრენების სიხშირეზე ჰქონდა მოლაპარაკება - კერძოდ, საქართველოს მთავრობას უნდოდა, თბილისიდან რიგაში ფრენა კვირაში ერთხელ შესრულებულიყო, ხოლო ავიაკომპანიას მეტის სურვილი ჰქონდა. საბოლოოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აგვისტოს ბოლომდე Air Baltic-ი კვირაში ერთხელ იფრენდა, ხოლო თუ "ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემდა", ამის შემდეგ, თბილისი-რიგის რეისი კვირაში ორჯერ შესრულდებოდა.
აქვე საყურადღებოა, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო ლატვიას საქართველოსთვის შეზღუდვა აქვს დაწესებული - კერძოდ, საქართველოდან ჩასულმა მგზავრმა სავალდებულო თვითიზოლაცია უნდა გაიაროს.
ნოემბრიდან საქართველოს მთავრობა სავალდებულო კარანტინსაც აუქმებს - მგზავრი საზღვარზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემდეგ თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს.
18 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1192 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.